კრიპტოსაწარმოები ანგრევენ ენერგოსისტემას... 10 ყველაზე დიდი ენერგომომხმარებლიდან, სამი არის კრიპტოსაწარმო, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დიდი პრობლემაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსებობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა მოწყობილი.
„ქვეყნის ეკონომიკის დიდი პრობლემაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსებობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა მოწყობილი. პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ამ ტერიტორიაზე ახალი კრიპტოსაწარმოების გახსნა, რომლებიც სოკოებივით მომრავლდნენ.
უკვე არსებულებს პირდაპირ ვერ გააუქმებ, ამიტომ მათთვის ელექტროენერგიას ისეთი ფასი უნდა დაედოს, რომ წამგებიანი გახდეს მათი საქმიანობა და გავიდნენ.
ქვეყანაში 10 ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელი კომპანიიდან, სამი არის კრიპტოსაწარმო, ოცეულში - ხუთი. სულ ათზე მეტი დიდი კრიპტოქარხანაა, პატარებს ვინ მოთვლის. ელექტროენერგიის ყველაზე დიდი 30 მომხმარებლიდან 8 არის კრიპტოსაწარმო.
ასეთი ვითარება ზრდის დენის ტარიფს, აზიანებს ენერგოობიექტებს და იწვევს ქვეყნიდან ვალუტის გადინებას. მათ მიერ ბიუჯეტში შენატანი თითქმის ნულოვანია,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, რომ 1-ლი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით, ბიზნესისთვის კი 5-6 თეთრით გაიზარდა. სემეკ-ის განმარტებით, ტარიფის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში დენის მნიშვნელოვნად გაზრდილი მოხმარებაა.