"საერთაშორისო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ბოლო შეფასება გასცდა სტანდარტულ, კლასიკურ მიდგომებს და აქცენტი იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე გადაიტანა, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკაზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენა შეუძლია" - ასე აფასებს ფინანსისტი ვასილ რევიშვილი BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო შეფასებას.
შეგახსენებთ, Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ნეგატიური პერსპექტივა უცვლელად შეინარჩუნა.
"ნეგატიური" პერსპექტივა შესაძლოა შეიცვალოს "სტაბილურით", თუ პოლიტიკური რისკები საგრძნობლად შემცირდება", რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრად გაუმჯობესებას გაუხსნის გზას - ნათქვამია საერთაშორისო სააგენტო Moody's-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე, ხოლო პერსპექტივა „ნეგატიურზე“ დატოვა. Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში გააუარესა და კვლავ ნეგატიურ პერსპექტივას ინარჩუნებს. შეფასებაში გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგი ერთი მხრივ ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს (მყარი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის კლება, რეზერვების ზრდა), ხოლო მეორე მხრივ გაუარესებულ ინსტიტუციურ მდგრადობას და შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას ასახავს და რეიტინგის გაუმჯობესების ძირითადი მდგენელი სწორედ პოლიტიკური რისკების შემცირებასთან იქნება დაკავშირებული.
ფინანსისტი ვასილ რევიშვილი აღნიშნავს, რომ Moody’s-მა, რომელიც ჩვეულებრივ კრედიტის ხარისხსა და ფასიანი ქაღალდების მყიდველთა ინტერესებზეა ორიენტირებული, ამჯერად ყურადღება იმ ფაქტორებზე გაამახვილა, რომელთა ეფექტიც ბევრად უფრო ხანგრძლივია, ვიდრე კონკრეტული ფასიანი ქაღალდების ვადიანობა.
მისი თქმით, თუ აქამდე ნეგატიურ ფაქტორებში მხოლოდ „ამოკრეფილი“ საკითხები ხვდებოდა (მაგალითად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ან ცალკეული რეფორმები), ახლა სააგენტო პირდაპირ ეყრდნობა მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებს.
„სააგენტო მიგვანიშნებს, რომ ვიდრე მმართველობის ეფექტიანობა და კანონის უზენაესობა არ გაუმჯობესდება, რეიტინგის გადახედვა ან სტაბილურ ნიშნულზე დაბრუნება მოსალოდნელი არ არის. ეს არის მკაფიო გზავნილი, სანამ ეს ინდიკატორები არ გამოსწორდება, რეიტინგის კუთხით პროგრესი ფაქტობრივად შეუძლებელია“, - ამბობს რევიშვილი.
მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას დღეს ყველაზე მეტად პოლიტიკური რისკი ემუქრება. თუ საგარეო ფაქტორები, რომლებიც ამ რისკს ამჟამად აბალანსებს, გაქრება, ქვეყანა შესაძლოა ერთ დღესაც რეცესიაში აღმოჩნდეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექსპორტის სტრუქტურაზეც. ვასილ რევიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო, ავტომობილების რეექსპორტის პარალელურად, ნავთობის მსხვილი ექსპორტიორიც გახდა, რაც დიდწილად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თანმდევი ეფექტია.
თუმცა, გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებამ, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაციის შესაძლო გადაწყვეტილებებმა რუსულ ნავთობზე სანქციების შერბილების შესახებ, შესაძლოა ეს შემოდინებები საგრძნობლად და სწრაფად შეამციროს.
"საბაზისო სცენარი, 5%-იანი ზრდა არსებობს, როგორც მათემატიკაში ამბობენ, ceteris paribus, ანუ თუ სხვა არაფერი არ ხდება, საქართველოსნაირი ეკონომიკა 5%-ით უნდა გაიზარდოს, დივერსიფიკაციით თუ მის გარეშე. ეს გამომდინარეობს ეკონომიკის ზომიდან, გახსნილობიდან, დემოგრაფიული სტრუქტურიდან და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მახსოვს, რომ გრძელვადიან სცენარში 5%-იანი ზრდა გვაქვს. ეს არ არის ახალი ციფრი, რომელიც ახლა მოიგონეს.
რისკი, რაზეც ვსაუბრობ, არის პოლიტიკური რისკი. ეს 5% არის საბაზისო და თუ მოხდა შოკი მაგალითად, იმ საგარეო, მაკროეკონომიკური ფაქტორების გაქრობის გამო, რომლებიც ამ პოლიტიკურ რისკს აბალანსებს, მაშინ დაგვრჩება მხოლოდ პოლიტიკური რისკი. ეს გამოიწვევს შოკს როგორც ზრდაში, ისე, პირველ რიგში, საკრედიტო ხარისხში. შეიძლება ერთი წელი გავიღვიძოთ რეცესიაში, ელემენტარულად იმის გამო, რომ ეს საგარეო ფაქტორი გამოეცლება.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის დამატებითი გზავნილი მთავრობისთვის რომ მოეშვან, მაკრო ციფრებით „რახარუხს“. გასაგებია, ზრდა კარგია, მაგრამ ითქვა, რომ ეს ჩვენი ზრდა არ არის, ვითხოვეთ.
ეს ზრდა, სხვათა შორის, შეიძლება უფრო მალე გაქრეს, ვიდრე გვგონია. რატომ? იმიტომ, რომ თუ აქამდე ექსპორტი გავზარდეთ. მათ შორის ნავთობით, ახლა უკვე ნავთობის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა გავხდით. მანქანების ექსპორტს შევეჩვიეთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწარმოებთ, მაგრამ ახლა ნავთობიც დაემატა. ეს დიდწილად სანქციების ეფექტია.
ახლა კი სანქციებისთვის ნაკლებად სცალიათ. გაჟღერდა რამდენიმე მესიჯი ტრამპისგან, რომ შესაძლოა რუსეთის ნავთობზე სანქციები შეასუსტოს. შესაბამისად, ამ შემოდინებების შემცირება შეიძლება უფრო მალე დადგეს, ვიდრე გვგონია. მით უმეტეს, რომ უკრაინაში ომი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდი.
საბოლოოდ, ეს არის, ასე ვთქვათ ხელის კვრა მთავრობისთვის, რომ სწორედ ამ ფაქტორებს მიაქციონ ყურადღება", - განაცხადა რევიშვილმა.