გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი აქციონერის ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცილისწამებას და ცრუ ინფორმაციას  ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალ სამეწარმეო კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.

2026 წლის 13 მარტს, გაიმართა ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე კრება დღის წესრიგით:

პირველი: ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და 1 აპრილამდე, ანუ კანონით დადგენილ ვადამდე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ხელახალი რეგისტრაცია დასრულებულიყო;

და მეორე: ბრიტანულ-ქართული აკადემიის შემდგომი განვითარებისა და უკვე გაცხადებულად დაინტერესებული მოსწავლეების მოზიდვის მიზნით, მაჟორიტარი აქციონერის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ბრიტანული აკადემიის კაპიტალში შეტანის საკითხის განხილვა, მხარეთა შორის წარსულში შეთანხმებულ ფასად და წესით.

დღის წესრიგში შეტანილი ორივე საკითხი ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რომელიმე მათგანის წინააღმდეგ წასვლა, ფაქტობრივად, ნიშნავდა აკადემიის ინტერესების წინააღმდეგ წასვლასა და მისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

სამწუხაროდ, ნათია ჯანაშიამ, როგორც ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მეპატრონემ და მისმა მეუღლემ, რომელიც ასევე ესწრებოდა კრებას,  არ გაიზიარეს აკადემიისა და მისი მოსწავლეების წინაშე აღებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის, ორივე საკითხის წინააღმდეგ წავიდნენ. ფაქტობრივად, შეგნებულად დააყენეს აკადემია  სასწავლო პროცესის ჩაშლის და აკადემიის რეგისტრაციის შეჩერების რისკის წინაშე

ასევე სამწუხაროა, რომ ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ უარი თქვეს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მიღებაზე, რომელიც საშუალებას მისცემდა პარტნიორებს ახალ კანონთან შესაბამისობაში სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანა უკვე აპრობირებული და საყოველთაოდ აღიარებული, მით უმეტეს, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სამართლიანი და მიუკერძოებელი ფორმით მომხდარიყო.

„საქართველოს განათლების ჯგუფისთვის“ ნათია ჯანაშიას მიერ ორწლიანი ობსტრუქციული და "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ინტერესების საწინააღმდეგო  მოქმედებებიდან გამომდინარე, წინასწარ იყო ცნობილი იმ საზიანო ნაბიჯების შესახებ, რასაც სავარაუდოდ, გადადგამდა ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე და მომზადებული შეხვდა მათ გაუმართლებელ დემარშს.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის წესდება „საქართველოს განათლების ჯგუფმა“, როგორც აკადემიის 70%-იანი წილის მქონე აქციონერმა დაამტკიცა მოქმედი კანონმდებლობის სრული და უპირობო დაცვით, რათა აკადემიას კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ დაწესებოდა და განეგრძო საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში. მიღებული წესდება მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანილია პირადად იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

სამწუხაროდ, ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მქონე აქციონერის საჩივრებისა და დაუსრულებელი ობსტრუქციის საფუძველზე რეგისტრაციის პროცესი დროებით შეფერხებულია. ნათია ჯანაშია საჯარო რეესტრისგან პირდაპირ მოითხოვდა იუსტიციის მინისტრის დამტკიცებული წესდების რეგისტრაციაზე უარის თქმას, რაც პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ქ-ნ ჯანაშია ყველაფერზე მიდის აკადემიის დაზიანების მოტივით.

დარწმუნებული ვართ,  საჯარო რეესტრი მყისიერად გაერკვევა ვითარებაში, როგორც არაერთხელ მომხდარა და რეგისტრაციის პროცესი არ შეფერხდება. საქართველოს განათლების ჯგუფი ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს ბრიტანულ-ქართული აკადემიის, სასკოლო საზოგადოებისა და უმთავრესად, აკადემიის მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებისთვის.

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს განახლებული წესდების საჯარო რეესტრის მიერ დადასტურება და არ მოხდეს ისე, რომ უპასუხისმგებლო და ზიანის მომტანი აქციონერის ნათია ჯანაშიას გამო, რომელსაც აკადემიის ლიკვიდაცია სურს, აკადემიას თუნდაც რამდენიმე საათით შეეზღუდოს საოპერაციო საქმიანობა.

„საქართველოს განათლების ჯგუფმა“ წინასწარ იზრუნა აკადემიის ფინანსურ და სხვა სახის უზრუნველყოფაზე და ბრიტანულ-ქართული აკადემია განაგრძობს ჩვეულ საქმიანობას განახლებისა და განვითარების სწორი მიმართულებით. პასუხიმგებლობა შესაძლო ზიანზე უცილობლად ეკისრება ბრიტანულ-ქართული აკადემიის საქმიანობისა და განვითარების მოწინააღმდეგე მხარეს - მოდავე ყოფილ დირექტორს და მონორიტარ აქციონერს, ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს.

ამასთან, გვინდა უკიდურესი შეშფოთებით აღვნიშნოთ, რომ 2026 წლის 13 მარტის კრებაზე ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის მიერ კრების ჩაშლის მცდელობის, წესდების არმიღებისა და ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის ხელშეშლის პარალელურად, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.

კერძოდ, ნათია ჯანაშიას მეუღლე დავით ცეცხლაძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლებს. მუქარის ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლით - მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.