„ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობისთვის მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე უნდა გაკეთდეს“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ  დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ღვინის ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნები იცვლება და ქართული პროდუქციისთვის ხარისხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რომ ქართული პროდუქცია აუცილებლად იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ზუსტად ამას ემსახურება თითოეული ის რეფორმა და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, წლევანდელი რთველის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მაღალი ხარისხის ყურძნის მწარმოებელი მევენახეების წახალისებაა.

„ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია. ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე“, - აღნიშნა მან.

სონღულაშვილის თქმით, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა თავად მევენახის შემოსავალზეც უნდა აისახოს და მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოებამ მას უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს, ვიდრე დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის მოსავალმა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ვაზი ისე დავტვირთოთ და ისე მოვუაროთ, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მოგვცეს. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და, შესაბამისად, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე. ამასთან, ასეთ მიდგომას უფრო მაღალი ეკონომიკური შედეგი უნდა ჰქონდეს თავად მევენახისთვისაც, რადგან ხარისხიანი ყურძნის წარმოებამ, საბოლოო ჯამში, მას მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს, ვიდრე დიდი რაოდენობით და დაბალი ხარისხის მოსავლის მიღებამ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.