J.P. Morgan-ის ახალ, 328-მილიარდიან ინდექსში საქართველოს ლარის სახაზინო ობლიგაციებიც მოხვდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს ქართული ბაზრის მიმართ უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

„როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციების შესვლაც“, — განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ინვესტორების ინტერესს საქართველოს ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა განაპირობებს.

„შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში ატარებს J.P. Morgan-ი რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების კონფერენციას, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეძღვნება. ჩვენ ველოდებით მეტ ინვესტიციას ამ არხით“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.

J.P. Morgan-ის ახალი ინდექსი, GBI-EM Edge, 328 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ 425 ინსტრუმენტს აერთიანებს. საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები ინდექსის 1.79%-ს შეადგენს.

GBI-EM Edge ე.წ. frontier ბაზრების სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკას ასახავს და იმ ბაზრებზეა ორიენტირებული, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით გამოირჩევიან.

ინდექსის შექმნისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები თბილისში გამართულ ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზეც განიხილეს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანამშრომლობით გაიმართა და რეგიონში ამ ფორმატის პირველი შეხვედრა იყო.

ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.