კომისიის ფარგლებში, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც სამი მიმართულებით გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს: სექტორი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, სექტორი გახდეს პროგნოზირებადი და დავაბალანსოთ ასიმეტრია და უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურენტული გარემო შევქმნათ , - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელ სხდომაზე სამი მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვზე გავლენას ახდენს.
“სამი მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვზე გავლენას ახდენს. ერთია, მარკეტინგის და გაყიდვების ხარჯები, შესვლის გადასახადი, “ქეშბექი” და სხვა ხარჯები. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დაასახელეს არის, რომ არ არის სათანადო გამჭვირვალობა - როდესაც ისინი ქსელებს პროდუქტს აწოდებენ, ზუსტად არ იციან რა ნაწილის რეალიზაცია მოხდა, რაც პრობლემას ქმნის, რადგან ზუსტად არ იციან დამატებით რამდენი ნედლეული უნდა შეიტანონ და როდის მიიტანონ თანხები. მეორე პრობლემაა, გადახდების მნიშვნელოვანი გადავადება, საშუალოდ 60-90 დღე. რაც კომისიის ფარგლებში შევისწავლეთ, ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული თანხების გადავადება უარესდება და საბოლოოდ რგოლში, რომელშიც შედის მწარმოებელო, იმპორტიორ-დისტრიბუტორი და ქსელური მაღაზია, ქვედა რგოლებს ფინანსურ ხარჯად აწვება. როდესაც ფინანსურ ხარჯად აწვება, ეს პროდუქციის თვითღირებულების ზრდას იწვევს, რადგან იძულებული არიან სხვა წყაროები ეძებონ, ეს კაპიტალი ძვირია. დისტრიბუტორების ნაწილს ფინანსური მდგომარეობა უუარესდებათ და ბიზნესპროცესების მართვა უჭირთ. საბოლოო ჯამში, ეს მათ საქმიანობას არაეფექტურს ხდის, რაც ფასზე აისახება. ასიმეტრიული ურთიერთობა აქაც პრობლემაა. საბოლოოდ, ამ კომისიის ფარგლებში ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც საშუალებას მოგვცემს სამი მიმართულებით გაუმჯობესებას. პირველი - სექტორი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე; მეორე - ეს სექტორი გახდეს პროგნოზირებადი, რადგან ბიზნესისთვის რთულია დაგეგმოს თუ პროგნოზირებადობა არ არსებობს, რაც გავლენას ახდენს ბიზნესის ეფექტურობაზე; მესამე - ეს ასიმეტრია დავაბალანსოთ და უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურენტული გარემო შევქმნათ. ასეთო ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნის პირობებში, დარწმუნებული ვარ, სექტორი გაჯანსაღდება და მნიშვნელოვან კორექციას მივიღებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვში კლების მიმართულებით”, - განაცხადა ბერეკაშვილმა.