2025 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 302,416 სატრანზიტო ფრენა შესრულდა, რაც დღიურად საშუალოდ 828 ფრენას შეადგენს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 295,527 იყო, ანუ დღეში საშუალოდ 810 ფრენა. შესაბამისად, სატრანზიტო ფრენების რაოდენობა წლიურად 2.3%-ით გაიზარდა.

სატრანზიტო გადაფრენების გარდა, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 73,357 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც დღეში საშუალოდ 201 რეისს უდრის. 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 64,731 შეადგინა, ანუ დღეში საშუალოდ 177 რეისი. შედეგად, აეროპორტებში შესრულებული ფრენების რაოდენობა წლიურად 13.3%-ით გაიზარდა.

მიუხედავად საჰაერო სივრცის დატვირთვის ზრდისა, „საქაერონავიგაციის“ შემოსავალი 2025 წელს შემცირდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კლება ძირითადად მარშრუტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის შემცირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ერთი ანაზღაურებადი გადამფრენი ხომალდის მომსახურებიდან მიღებული საშუალო შემოსავლის კლებამ განაპირობა.

კერძოდ, მარშრუტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 24.7%-ით შემცირდა და 91 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ანაზღაურებადი გადაფრენების რაოდენობა 295,136-დან 301,960-მდე გაიზარდა, თუმცა მომსახურების ტარიფი 22.9%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი ანაზღაურებადი გადამფრენი თვითმფრინავიდან მიღებული საშუალო შემოსავალი 409 ლარიდან 301 ლარამდე დაეცა. ანგარიშგებაში არ არის განმარტებული, რა გახდა მომსახურების ტარიფის შემცირების მიზეზი.

მარშრუტის მომსახურებისგან განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა ტერმინალურ მომსახურებაში, რომელიც აფრენა-დაფრენებს მოიცავს. ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი 42.2%-ით გაიზარდა და 71.2 მლნ ლარს მიაღწია. ზრდასთან ერთად, ტერმინალური ფრენების რაოდენობაც მოიმატა: მომსახურების ერთეულების რაოდენობა 21.7%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ტარიფი 1,457 ლარიდან 1,489 ლარამდე მოიმატა.

ჯამურად, „საქაერონავიგაციის“ შემოსავალი 2025 წელს 5.1%-ით შემცირდა და 162.8 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო მარშრუტის საჰაერო ნავიგაციის მომსახურება იყო, საიდანაც 91 მლნ ლარი მიიღო, 2024 წლის 120.8 მლნ ლართან შედარებით 24.7%-ით ნაკლები. ამის საპირისპიროდ, ტერმინალური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 42.2%-ით გაიზარდა და 71.2 მლნ ლარი შეადგინა. სხვა შემოსავალმა 584 ათასი ლარი შეადგინა.