ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება აბსოლუტურად აზრს მოკლებული იყო და ვერავინ განმარტა, რატომ მოხდა ტარიფის ზრდა. უფრო მეტიც, თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ბევრი კრიმინალური მომენტი იკვეთება და თუკი „სემეკი“ ობიექტურ მონიტორინგს განახორციელებს, „თელასისა“ და „ენერგო პროს“ ვალდებულებებს შეისწავლის, აუცილებლად მოხერხდება ტარიფის გაიაფება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას თემურ ჭიჭინაძე „ენერგო პროსა“ და „თელასს“ შორის კარტერულ გარიგებასაც არ გამორიცხავს, რასაც ენერგეტიკოსი იმით ხნის, რომ ტარიფის ზრდას ორივე კომპანია ერთდროულად ითხოვდა.
„ახლა ტარიფის ზრდა აბსოლუტურად აზრს მოკლებული იყო და არც იყო ამის საჭიროება. ვერ მოვისმინე ვერავითარი ნორმალური განმარტება იმის შესახებ, რატომ მოხდა ტარიფის ზრდა, თან - ძალიან დიდი რაოდენობით. რაღაც კარტელური ხომ არ არის, რომ ენერგო პროც და თელასიც ერთდროულად თხოულობენ და ერთნაირად სჭირდებათ ზრდა? ერთადერთი განმარტება, რაც მოვისმინე „სემეკისგან“, ეს იყო, რომ ელექტროენერგიის დეფიციტია საქართველოში. ეს არ არის მიზეზი, რომ ტარიფი გაძვირდეს, რადგან ტარიფის მომატებით სიმძლავრეებს უცბად ვერ გავზრდით ჩვენ, არ გაიზრდება. კიდევ ძალიან ბევრი სხვა მომენტია ტარიფებთან დაკავშირებით, რაც მოდის უკვე ათეული წლებია და სამწუხაროდ, მიუხედავად ძალიან ბევრი ჩვენი შეტყობინებისა, არავითარი რეაქცია არ აქვთ“, - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, კომპანიების არგუმენტი, რომ ტარიფის მატება საჭირო იყო ქსელების რეაბილიტაციისთვის, არ არის რეალური.
„ასეთ მაგალითს გავიხსენებ, როცა 2007 წელს, „ენერგო პრო“ შემოდიოდა, 320 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. შემდეგ მოხდა ნოღაიდელთან კულუარული მოლაპარაკება და გადასახადი განახევრდა იმისთვის, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა და ტარიფი არ გაზრდილიყო. ახლაც იმხელა მოგება აქვთ ამ კომპანიებს, შეუძლიათ, განახორციელონ შესაბამისი ინვესტიციები, რომლებიც მერე შეუძლიათ, ამოიღონ და არა - წინასწარ.
არის ასეთი სტატისტიკაც: 1985-1986 წლებში ელექტროენერგიის გამომუშავება იგივე იყო - 14 მილიარდამდე, როგორც დღეს არის, მაგრამ მაშინ გაწერილი იყო ზუსტად, რამდენი პროცენტი უნდა დაეხარჯა მრეწველობას, რამდენი - კომუნალურ მეურნეობას, ყველაფერი ზუსტად იყო გაწერილი. მაშინ 5 მილიონიანი მოსახლეობა იყო, დღეს არის - 3. მრეწველობა როგორც არის, კი ვიცით. ამდენად, ვერ ვხედავ რეალურ მიზეზს, ტარიფები გაზრდილიყო. რეალური მიზეზი არ არის, თორემ მიზეზების მეტი რა აქვთ „ენერგო პროსაც“ და „თელასსაც“.
თუ მათ სიმძლავრეების გაზრდა უნდათ და გადამცემების გამართვა, ძალიან ბევრი ვალდებულება აქვთ შესასრულებელი შემოსვლის დღიდან. ერთხელ არ გაუკეთებია „სემეკს“ მონიტორინგი, რა ვალდებულებები ჰქონდათ, რა ჰესები უნდა აეშენებინათ.
„სემეკი“ არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, როგორებიცაა „ენერგო პრო“ და „თელასი“. მათი ყოველი კაპრიზი, ჩათვალეთ, ავტომატურად სრულდება, - აღნიშნავს თემურ ჭიჭინაძე.