მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლები კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავენ. „კავკასუს გენეტიკას” დირექტორისა და ფერმერის, გიორგი ხატიაშვილის განცხადებით, ახალი მოსავლის აღებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა შარშანდელი მარცვლეული კვლავ საწყობებშია და მისი რეალიზაცია ვერ ხერხდება.
ფერმერების მთავარი მოთხოვნა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე სეზონური ტარიფის შემოღებაა. როგორც ხატიაშვილი BMG-სთან განმარტავს, რუსული ხორბალი ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასად შემოდის, ვიდრე ქართული პროდუქტის თვითღირებულებაა.
„ივნისის მოსავლის აღება დაიწყება და მარცვლეულის შარშანდელი მოსავალი - როგორც ხორბალი, ასევე ქერი არ გაყიდულა, საწყობები გადავსებულია, რადგან ფასი ძალიან დაბალია. ქართული წარმოების ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი, 60 თეთრის ფარგლებშია. ამიტომ ჩვენი თხოვნა იყო სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი, რომ სახელმწიფომ დახმარება გაგვიწიოს და იმპორტირებულ ხორბალზე სეზონური ტარიფი დაწესდეს. ამ პერიოდში იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება, სადაც საკმაოდ კარგი მოსავალი იყო, ხორბლისა და მარცვლეულის დიდი რაოდენობები აქვთ და გაცილებით დაბალ ფასად ყიდიან, ვიდრე ჩვენ გვიჯდება ერთი კილოგრამი ხორბლის წარმოების თვითღირებულება.
იმისთვის, რომ ქართული წარმოება გადარჩეს და სტიმული ჰქონდეს ქართველ ფერმერს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. სხვა შემთხვევაში, თითქმის ეკონომიკური მოტივაცია აღარ გვაქვს, რომ მარცვლის წარმოება გავაგრძელოთ“, - აცხადებს გიორგი ხატიაშვილი BMG-სთან.
მისივე ცნობით, ტარიფის დაწესებაზე სამინისტროს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, მხარეები სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი წარმოება მოხმარების მხოლოდ 20-25%-ია. ქვეყანას მუდმივად სჭირდება მარცვლეულის იმპორტი. ასე რომ კურიოზული მდგომარეობაა - მაშინ როდესაც დეფიციტური პროდუქცია გვაქვს ფერმერებს, ამ დეფიციტურ პროდუქციასაც კი ვერ ვუკეთებთ რეალიზაციას. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ მოსავლის აღების თვეებში შეიზღუდოს იმპორტი კანონიერ ფარგლებში და როგორც კი ადგილობრივად წარმოებული მარცვლეულის რეალიზაცია განხორციელდება, ჩვეულებრივ გაგრძელდეს იმპორტი“ - ამბობს გიორგი ხატიაშვილი.