ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებისა და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი საერთო უპირატესობა და შესაძლებლობა გეოგრაფიულ სიახლოვეში, გაუმჯობესებულ სატრანსპორტო კავშირებსა და ეფექტურ საჰაერო მიმოსვლაშია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნესებს შორის მჭიდრო კავშირებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას და, ამასთანავე, ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამივე ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაფართოებლად. ამ უპირატესობებზე დაყრდნობით, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც რეგიონის დამაკავშირებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის როლი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უკვე ათწლეულზე მეტია, საქართველოს მთავრობისთვის ეს სტრატეგიული პრიორიტეტია. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2032 წლისთვის მთავრობა 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის მობილიზებას გეგმავს ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, რაც ასახავს სტრატეგიულ ხედვას ქვეყნისა და ფართო რეგიონის მასშტაბით კავშირების მოდერნიზების შესახებ.

კიდევ ერთი მსხვილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტია. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა ტვირთბრუნვის გაძლიერებისა და საქონლის მოძრაობის ხელშესაწყობად, რაშიც დიდი როლი ანაკლიის პორტს ექნება.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს