შეუძლია თუ არა ბუნებას, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალებათა გაუმჯობესებისკენ მიგვანიშნოს? ალოე ვერაზე ჩატარებულ ახალ კვლევაში გამოავლინეს ერთი ნაერთი, რომელმაც მისი პროგნოზირებული შეკავშირების აქტივობის საფუძველზე, შეიძლება შეანელოს დემენციის ამ ყველაზე გავრცელებული ფორმის პროგრესი.

ალოე ვერა მარადმწვანე სუკულენტი მცენარეა. აღიარებულია სამკურნალო თვისებებით. უკვე ასეულობით წელიწადია, მის ინგრედიენტებს იყენებენ კანის ანთების სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ა. შ. თუმცა, მისი სარგებლის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებები არაერთგვაროვანია.

ახალ კვლევაში, მაროკოს ქალაქ კასაბლანკის ჰასან II-ის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნაერთი, სახელად ბეტა სიტესტეროლი, რომელიც ალოე ვერას ფოთლებში წარმოიქმნება, შეიძლება სასარგებლო იყოს ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევა მთლიანად in silico ჩატარდა, ანუ ჯგუფმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენა იმის სიმულირებისთვის, როგორ შეიძლება ურთიერთქმედებდეს ალოე ვერას ნაერთები იმ ფერმენტებთან, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში ასრულებენ როლს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში არ გამოუყენებიათ არანაირი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ან ცდები ადამიანებზე, ნამდვილად კარგი დასაწყისია მკურნალობის პოტენციური გზების გამოვლენა.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ალოე ვერას შემადგენელი ერთ-ერთი ნაერთი, ბეტა სიტესტეროლი ავლენს შეკავშირების მნიშვნელოვან აფინურობას და სტაბილურობას, რის გამოც, ის იმედისმომცემი კანდიდატია სამომავლო პრეპარატების შესაქმნელად“, — ამბობს ქიმიკოსი მერიემ ხედრაუი.

ბეტა სიტესტეროლის შეკავშირების ხარისხი და სტაბილურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამბავი აცეტილქოლინით იწყება. ეს ქიმიური მესენჯერი გვეხმარება სწავლასა და დამახსოვრებაში და ხშირად ნორმალურზე დაბალი დონით გვხვდება ალცჰაიმერის დაავადების მქონეებში.

ადრე, ამან მეცნიერები აიძულა, შეესწავლათ ფერმენტები აცეტილქოლინესტერაზა (AChE) და ბუტირილქოლინესტერაზა (BChE) — ორივე მათგანი ხელს უწყობენ აცეტილქოლინის დაშლას. აქედან გამომდინარე, AChE-სა და BChE-ის მიზანში ამოღებამ შესაძლოა ალცჰაიმერის სიმპტომები გააუმჯობესოს.

სწორედ აქ დაიწყო ახალი კვლევა. ჯგუფმა ჯამში ალოე ვერას 11 ნაერთი შეისწავლა. მცენარის სავარაუდო სამკურნალო თვისებების გათვალისწინებით, მკვლევრებს სურდათ მისი უფრო დეტალურად შესწავლა.

პირველ რიგში ჩაატარეს შეკავშირების აფინურობის სიმულაცია, რათა ენახათ, რამდენად კარგად უკავშირდებოდა ეს ნაერთები AChE-ს და BChE-ს, როგორც მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ისინი ფერმენტების მიერ აცეტილქოლინის დაშლის შეჩერებაში. ბეტა სიტოსტეროლმა ყველაზე მაღალი ქულა მიიღო როგორც AChE-სთან, ისე BChE-სთან შეკავშირებაში.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ შეიძლება ემუშავა ბეტა სიტოსტეროლს წამლის ფორმით. ეს მათ გააკეთეს ანალიზით, რომელსაც ADMET ეწოდება: შთანთქმა, განაწილება, მეტაბოლიზმი, გამოყოფა და ტოქსიკურობა. ეს მოდელები სწავლობს, როგორ შეიძლება ურთიერთქმედებდეს პრეპარატი სხეულთან და მოძრაობდეს მასში.

ამ შემთხვევაშიც, ბეტა სიტოსტეროლმა კარგად იმუშავა, ისევე, როგორც კიდევ ერთმა ნაერთმა — ქარვის მჟავამ. კვლევა ასკვნის, რომ ღირს ორივე ამ ვარიანტის კვლევა ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალებების შექმნაში მათი პოტენციალის მიზნით.

„ყოვლისმომცველი ანალიზი ადასტურებს ამ ნაერთების, როგორც უსაფრთხო და ეფექტიანი თერაპიული აგენტების პოტენციალს“, — ამბობს ქიმიკოსი სამირ ჩტიტა.

ამ გზით რაიმე პრეპარატების შექმნა სწრაფად ვერ მოხდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ შედეგები მხოლოდ კომპიუტერულ სიმულაციებს ეფუძნება. თუმცა, მეცნიერები პროგრესს განიცდიან ალცჰაიმერში მთავარი მოთამაშეების გამოვლენაში — როგორიცაა AChE და BChE — და იმ პრეპარატებზე მუშაობაში, რომლებმაც შეიძლება მათზე იმოქმედონ.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ალცჰაიმერის დაავადება დღეს მსოფლიოში 55 მილიონ ადამიანს აქვს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 138 მილიონამდე გაიზრდება, რადგან გლობალური პოპულაცია ბერდება. ის ამჟამად დემენციის გამომწვევი მთავარი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები სულ უფრო და უფრო მეტს სწავლობენ, თუ რა გავლენა აქვს ალცჰაიმერს თავის ტვინზე, ასევე მის განმაპირობებელ რისკ-ფაქტორებს, მისი მიზეზების სრულად ჯერ მაინც არაა შესწავლილი, შესაბამისად, არც განკურნების გზები.

ალცჰაიმერი იმდენად მრავალმხრივი დაავადებაა, რომ სავარაუდოდ, მასში ჩართულია მრავალი მიზეზი და გამომწვევი, რისთვისაც საჭირო იქნება მრავალი თერაპიული პრეპარატი. ბოლოდროინდელი კვლევები მიუთითებს, რომ მაღალი არტერიული წნევის დანამატები და კიბოს პრეპარატები შეიძლება გარკვეულწილად ეფექტიანი იყოს, ალოე ვერა კი მეცნიერებს კიდევ ერთ გზას სთავაზობს.

კვლევა Current Pharmaceutical Analysis-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი