ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესშია მხოლოდ ევროპული საქართველო - ასე ფიქრობს არჩილ იაკობაშვილი - ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი.

ის "კომერსანტთან" ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს 2025 წლის მონაცემებით, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა - აქედან 1/4 მოდის საქართველოს ექსპორტზე , 3/4 - ჩინეთიდან იმპორტზე.

იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ბაზარი უპრობლემოდ მიიღებს საქართველოდან 10-ჯერ მეტი ღირებულების პროდუქციას, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, და აგრეთვე 10-ჯერ მეტს გაუშვებს ექსპორტზე საქართველოსკენ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, იაკობაშვილი ფიქრობს, რომ ორმხრივი ინტენსიური ვაჭრობა არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ინტერესი საქართველოს, კავკასიის და ზოგადად კასპია/შავი ზღვის რეგიონის მიმართ იქნება სტრატეგიული და უალტერნატივო.

"საქართველოს ევროპული მომავლის გარეშე არც ჩინეთს აინტერესებს ასე ძალიან რუსეთის უკანა ეზო, რადგან შავი ზღვის გარეშეც აწყობილი აქვს მიწოდების ჯაჭვები ევროპის მიმართულებით.

1) ჩინეთი მონაწილეობს დასავლეთ ევროპის ირგვლივ 12 წამყვანი პორტის კაპიტალში - პირეუსიდან ჰამბურგამდე, ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა პოლონეთში დანციგის პორტში, ვერც სკანდინავიაში და ვერც ბალტიისპირეთში, მაგრამ დას.ევროპაში მიწოდების და მომარაგების ქსელები სრულად აწყობილი აქვს - თან შესულია ადრე აშენებული და სრულად ფუნქციონირებადი პორტების კაპიტალში, მაგრამ ჩინეთს არცერთი მათგანის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია.

2) უკრაინაში ომის, შესაბამისად რუსეთსა და ევროკავშირს შორის საზღვრის ჩაკეტვის გამო ჩამოეშალა რუსეთის გავლით რკინიგზით აღმ.ევროპის მომარაგების ჯაჭვი. ამის გამო დაინტერესდა საერთოდ შავი ზღვით, რომელიც ჩაკეტილი ზღვაა - ე.ი. სინამდვილეში ტბაა.

3) ჩინეთი თურქეთს ვერც გაუბედავს, ერთობლივი პორტის აშენების შეთავაზებას ან მოქმედი პორტის კაპიტალში შესვლაზე თხოვნას. შესაბამისად დარჩა კავკასია და საქართველო, როგორც ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი.

4) ანაკლიის ტენდერში, რომელშიც განსაკუთრებული პირობებით ჩაერთო, ჩატარდა 2024 წლის მარტში, ე.ი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ (დეკემბერი 2023), ე.ი. თუ ევროკავშირში აპირებთ, ჩვენ ზურგს გიმაგრებთო.

5) 2024 წლის მაისში რუსეთმა ოფიციალურ თბილისს მიაღებია ე.წ. "რუსული კანონი", რის გამოც კანდიდატის სტატუსი დეფაქტო შეჩერდა, ხოლო ჩინეთმა თუ რეალურად არ გინდათ ევროკავშირში, ჩვენ ვერ დაგაძალებთო.

6) ჩინეთი საქართველოს გამო რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევა, არ უღირს ამდენად ანაკლიის აშენებაში მონაწილეობა, ანაკლია არ არის მოქმედი პორტი, რომ კაპიტალში შესვლაზე იფიქროს, ამიტომაც იგონებს ახალ-ახალ მოთხოვნებს.

ჩინეთი რეალურად დააინტერესდება მხოლოდ ურუსეთო კავკასიით, რომელიც იქნება ევროპის ერთიანი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის ნაწილი (ე.ი. სამივე ქვეყანას თუ ექნება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან), ან ისეთი კავკასიით, რომელშიც აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე მაინც დაიწყება ევროკავშირი," - აცხადებს არჩილ იაკობაშვილი "კომერსანტთან".