პორტუგალიის ქალაქ სინეშში გადაწყვიტეს, რომ კითხვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ. ამისთვის ქალაქის 13 სხვადასხვა ლოკაციაზე — კაფეებში, სკოლებში, სპორტულ სივრცეებსა და თვითმომსახურების სამრეცხაოებში — უფასო წიგნების თაროები განთავსდება.

ინიციატივის მიზანია, წიგნები იმ ადგილებში აღმოჩნდეს, სადაც ადამიანები დროს ატარებენ და ხშირად ელოდებიან. მსურველებს შეეძლებათ წიგნი ადგილზე წაიკითხონ ან სახლში წაიღონ და მოგვიანებით დააბრუნონ.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ცხოვრების სწრაფ ტემპში ბევრს ბიბლიოთეკაში მისასვლელად დრო აღარ რჩება. ამიტომ წიგნები თავად უნდა მივიდეს მკითხველამდე და არა პირიქით.

სინეშის მუნიციპალიტეტი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა კითხვის კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უფრო ხშირად დააახლოებს წიგნებთან.