გთავაზობთ აგვისტოს მთავარ მოვლენებს საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში.

"ტერაბანკს" სომხეთის წამყვანი Ardshinbank-ი ყიდულობს

"ტარაბანკს" სომხეთის წამყვანი Ardshinbank-ი ყიდულობს. შესაბამისი გარიგება ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ განხორციელდება. არსებული მდგომარეობით "ტერაბანკი" საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი ბანკია და მისი აქტივები 2.27 მილიარდ ლარს შეადგენს. აქამდე, ბანკის უმსხვილესი აქციონერი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი, შეიხი მაბარაქ ალ ნაჰაიანი იყო.

რაც შეეხება Ardshinbank-ს მისი დამფუძნებელია სომეხი ბიზნესმენი კარენ საფარიანი. ბანკის მთლიანი აქტივები 7.21 მილიარდ დოლარს, კრედიტები კი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2025 წელს Ardshinbank-ის წმინდა მოგებამ დაახლოებით 370.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10 მილიონი დოლარით მეტი იყო.

კარენ საფარიანის Arins Group-მა სასტუმრო "ბილტმორი" შეიძინა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო "ბილტმორი", რომელსაც აქამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი მაბარაქ ალ ნაჰაიანი ფლობდა, სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის Arnis Group-მა შეიძინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, სასტუმროს ჯამური აქტივების ღირებულება 211 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო წლიური შემოსავალი 30 მილიონ ლარს აღემატება. გარიგების ფასი ჯერჯერობით უცნობია.

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (Black Sea Petroleum, BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის ალტერნატიული, არარუსული ნედლეულით ჩანაცვლების პროცესი დაასრულა. არსებული ინფორმაციით, ქარხანა 2026 წლის 24 აგვისტოდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს. დივერსიფიკაციის ფარგლებში, BSP-მა ყაზახური ნედლი ნავთობის მიღება 2026 წლის ივლისში დაიწყო. BSP-ის მიერ ივლისშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით კი უკვე აგვისტოდან კომპანია რუსული ნედლი ნავთობის სრულ ჩანაცვლებას შეძლებდა, რადგან ამ პერიოდში კომპანია ყაზახეთიდან დამატებით მოცულობებს ელოდა, რასაც ლიბიური წარმოშობის ნავთობის იმპორტის დაწყებაც უნდა მოჰყოლოდა. კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ის ლიბიიდან ნავთობის მიწოდების ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

"რუსთავის ფოლადმა" არმატურის წარმოების მიმართულება გაყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა. ამის შესახებ კომპანიის ამონაწერიდან და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. რეესტრის თანახმად, "რუსთავის ფოლადმა" 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია "იბერია რიბარი", რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს "იბერია რიბარის" მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი "პიემ მეტალი".

ვრცლად bm.ge - ზე