„საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით“ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო - ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს