ბევრი მოგზაურისთვის აეროპორტში ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადება სიმშვიდის გარანტიაა, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ მგზავრებს, რომ ზედმეტად ადრე მისვლამ, რასაც ხშირად “ჭიშკართან დაბანაკებას” (gate camping) უწოდებენ, შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიები შიდა ფრენებისთვის 2, ხოლო საერთაშორისო რეისებისთვის 3 საათით ადრე მისვლას გვირჩევენ, ამ დროის მნიშვნელოვნად გადაჭარბება ახალ პრობლემებს ქმნის, დაწყებული ფიზიკური დისკომფორტიდან, დასრულებული ფრენის გამოტოვების რისკით.

ზედმეტად ადრე მისული მგზავრები ხშირად აწყდებიან ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა რეგისტრაციის დახლების დაგვიანებით გახსნა ან გასასვლელის (gate) მოულოდნელი ცვლილება, რაც მათ აიძულებთ მთელი აეროპორტის ტერიტორიაზე ბარგით სირბილს. გარდა ამისა, “გეით-კემპერები” ხშირად ხდებიან სხვა მგზავრების გაღიზიანების მიზეზი, რადგან ისინი დიდხანს იკავებენ დასაჯდომ ადგილებსა და ელექტროენერგიის წყაროებს. ფსიქოლოგების აზრით, აეროპორტში ხანგრძლივი ლოდინი ზრდის შფოთვას, იწვევს გადაღლილობას და ზოგჯერ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისკენაც უბიძგებს ადამიანს, რაც ფრენის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

კურიოზულია, მაგრამ აეროპორტში ძალიან ადრე ყოფნა ხშირად ხდება რეისის გამოტოვების მიზეზიც. საინტერესო ატრაქციონებით, მაღაზიებითა თუ მოსასვენებელი სივრცეებით გართულ მგზავრებს ხშირად დროის შეგრძნება ეკარგებათ. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ჩათვლემა — დაღლილ მოგზაურებს მოსასვენებელ ზონებში შესაძლოა ღრმად ჩაეძინოთ და გამოტოვონ ჩასხდომის შესახებ გამოცხადება. ექსპერტების რჩევით, იდეალური ბალანსის დასაცავად საჭიროა წინასწარ გაითვალაოთ გზის, რეგისტრაციისა და უსაფრთხოების შემოწმების დრო და აეროპორტში მხოლოდ გონივრული მარაგით გამოცხადდეთ.

წყარო: avianews.ge