ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების შესახებ: გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა
 
„6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
 
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული, როგორც ბიზნესსექტორის, ისე მოსახლეობის ინტერესები.
 
„6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, შეიცვალა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. კერძოდ, ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან. ნაცვლად ამისა, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების, მათ შორის, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.