„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულამ 3 პუნქტით დაიკლო და 50 გახდა. საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ კორუფციული სქემები, რომლებიც აწყობილი აქვს „ქართულ ოცნებას“, საკმაოდ ჭკვიანურია და ასე მარტივად არსებული მეთოდოლოგიებით არ ჩნდება. ამასთან ერთად, ის მიიჩნევს, რომ რეგიონში ლიდერობა „მაინცდამაინც გადასარევი ეტალონი“ არ არის, რადგან რეგიონში გვყავს რუსეთი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული ქვეყანა.

„კორუფციის მასშტაბის შეფასების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეიტინგი რეალობას მაინცდამაინც კარგად ვერ ასახავს რეალობას, რადგან საკმაოდ ჭკვიანური კორუფციული სქემები აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ტიპურ კორუფციულ ფორმებში არ ჯდება. მართლაც, პატარა ტრანზაქციებში კორუფცია შედარებით დაბალია ქვეყანაში, ყოველდღიური ბიუროკრატიის თვალსაზრისით სახელმწიფო სააგენტოები საკმაოდ სუფთად მუშაობენ, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურება არც არის, რადგან დიდი ხანია, გარღვევა გვაქვს ქვეყანაში ყოველდღიურ გარემოში კორუფციის დაბალი დონისა, მაგრამ სქემები, რომლებიც აწყობილი აქვს „ქართულ ოცნებას“, საკმაოდ ჭკვიანურია და ასე მარტივად არსებული მეთოდოლოგიებით არ ჩნდება. დინამიკა უფრო საიმედოა ამ თვალსაზრისით და როგორც ჩანს, დინამიკა უარყოფითია და ქვეყანაში კორუფციის დონე მაღალია“, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და შესაბამისად, პატარა ბაზარი აქვს, ეს მსხვილი ინვესტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის თვალსაზრისით ობიექტურად უარყოფითი მოვლენაა. აქედან გამომდინარე, ქვეყანამ 10-ჯერ უფრო მეტი უნდა გააკეთოს კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით, იმისთვის, რათა პატარა ბაზრის უარყოფითი ფაქტორი დაკომპენსირდეს.