ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის ნაცვლად ყაზახური ნავთობის გადამუშავება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Oil & Gas Middle East წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქარხნის ოპერატორმა Black Sea Petroleum (BSP) 31 ივლისს დაადასტურა, რომ დაიწყო ნედლეულის მომწოდებლების დივერსიფიკაციის სტრატეგიის განხორციელება, რომლის მიზანია საწარმოს სრული გადასვლა არარუსული წარმოშობის ნავთობის გადამუშავებაზე.

მედიის ცნობით, ყაზახური ნავთობის გადამუშავება ივლისის დასაწყისში დაიწყო, ხოლო ახალი მოცულობები ქარხანაში აგვისტოში შევა და გადამუშავდება.

ამასთან, BSP-მ 2026 წლის 3 ივლისს საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან ლიბიური ნავთობის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაც გააფორმა. პირველი ტვირთის ყულევის ტერმინალში ჩასვლა 20-30 აგვისტოსაა მოსალოდნელი. კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე მოქმედებს და მისი გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 24 ივლისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ქარხნისთვის განსაზღვრული ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი მომწოდებლების შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. BSP-ის ინფორმაციით, კომპანია რეგულარულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან, აწვდის მათ ინფორმაციას გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე მუშაობს.