ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კლასიკური, რეტრო ავტომობილის ასაკობრივი ზღვრის 40 წლიდან 30 წლამდე შემცირებას შესაძლოა, ავტოპარკზე ნეგატიური გავლენას ჰქონდეს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟება მკვეთრად ძვირდება, არაა გამორიცხული, მომხმარებლების ნაწილი სწორედ კლასიკურ მანქანებზე გადაერთოს, რომელთა განბაჟებაც შედარებით იაფი ღირს.

ალექსი ნონიაძის თქმით, სავარაუდოდ, ეს საკითხი კანონპროექტის ინიციატორებს არ აქვთ გაანალიზებული.

“მონათესავე ასოციაციამ დააყენა საკითხი, რომ კლასიკური ავტომობილის ასაკობრივი ზღვარი 40 წლიდან 30 წლამდე შემცირდეს. ჩვენ არ ვართ ამისი წინააღმდეგი, მივესალმებით, მათ თავიანთი ამოცანა ჰქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ რა რეალობის წინაშე დავდგებით? ახლა ბევრისგან მოვისმინე, რომ თუ 6 წლის და უფრო ახალ ავტომობილს ვერ შევიძენ, წავალ და ვიყიდი მაშინ 30 წლის “მერსედესს”, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ბევრ ახალ მანქანას ჯობია.

გამოვა ის, რომ ფაქტობრივად, კი არ განვაახლებთ ბაზარს, პირიქით, უფრო დაძველდება ავტოპარკი. ამ გადაწყვეტილებას ვემხრობით, მაგრამ არა იმ ფონზე, რომ აქციზი ძვირდება 6 წელზე ძველ ავტომობილებზე. იმიტომ რომ მომხმარებელი სტიმულებზე რეაგირებს და ეს გამოიწვევს საპირისპირო შედეგს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორები საერთოდ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ, მაგრამ ფაქტობრივი რეალობა ის დადგება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაწყვეტს კლასიკური ავტომობილი იყიდოს. ვიქნებით კუბა 2, სადაც ძველი ავტომობილები დადის და თანამედროვე ავტომობილები ნაკლები და ნაკლები იქნება”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. ძვირდება 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების განბაჟებაც.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტით, კლასიკური, რეტრო ავტომობილის ასაკობრივი ზღვარი 40 წლიდან 30 წლამდე მცირდება.

bm.ge