უკრაინის ხელისუფლება მინერალური წყლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, IDS Ukraine-ის, კონტროლის საკუთარ ხელში გადატანას ცდილობს. კომპანიის აქტივების ღირებულება 2026 წელს დაახლოებით 8 მილიარდ გრივნად, ანუ 180 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

IDS Ukraine შედის IDS Borjomi International-ის ჯგუფში და მისი პირდაპირი მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული International Distribution Systems Limited. საბოლოო ბენეფიციარებს შორის 49.99% სანქცირებულ რუს ბიზნესმენებზე მოდის, 34.83% ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის, 7.73% საქართველოს მთავრობას, ხოლო დარჩენილი წილი სხვა აქციონერებზე ნაწილდება.

უკრაინის აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტო (ARMA) კომპანიის დამოუკიდებელი მმართველისთვის გადაცემას ცდილობს, პარალელურად კი სასამართლოში მისი შესაძლო ნაციონალიზაციის საკითხზე დავა მიმდინარეობს. ხელისუფლება მიუთითებს ფულის გათეთრებისა და აქტივების გატანის რისკებზე, თუმცა IDS Ukraine ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი დარღვევები სახელმწიფო უწყებებს არ დაუდგენიათ.

კომპანია აწარმოებს „მორშინსკას“, „მირგოროდსკას“ და „ალიასკას“ ბრენდებს. IDS Ukraine-ში მიხაილ ფრიდმანს 18.23%-იანი არაპირდაპირი წილი აქვს, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ სანქციების გამო მას მართვასა და გადაწყვეტილებებზე გავლენა აღარ აქვს.

პატარკაციშვილების ოჯახი ნაციონალიზაციას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს.