უამინდობა და ძლიერი ქარი თხილის ბაღებში სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის, რაც ნარგავების ხმობის პროცესს აჩქარებს და საბოლოოდ პროდუქციის ხარისხზეც უარყოფითად აისახება,- ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავა "კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ჭითანავას თქმით, ხშირი წვიმების გამო პესტიციდები ეფექტს კარგავს და პრაქტიკულად გამოყენებისთანავე იშლება.
შედარებით დადებით ფაქტორად სპეციალისტები ფაროსანას აქტივობის შემცირებას ასახელებენ, რადგან სიცივეში მავნებელი გარეთ თითქმის არ გამოდის.
,,რა თქმა უნდა, უამინდობა და ქარი გამოიწვევს თხილის ნარგავებში სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების გავრცელებას, რაც ხეების ხმობის კოეფიციენტს გაზრდის. გარდა ამისა, ძნელია და ფაქტობრივად, შეუძლებელია წამლობის ეფექტიანად ჩატარება, რაც თხილის ხარისხზე აისახება. უამინდობას პოზიტიური მხოლოდ ის აქვს, რომ ფაროსანა სიცივეში ვერ გამოდის და მისგან მიყენებული ზიანი წელს წესით, მინიმალური უნდა იყოს. ამ ეტაპისთვის ერთიანად რომ შევაფასოთ, მეთხილეობის ბიზნესში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, კარგი ნამდვილად არაფერი ხდება. ის ფერმერებიც კი, რომლებიც შარშან წამლობებს აქტიურად ატარებდნენ წელს ვერ წამლავენ ბაღს, რადგან წვიმა შეწამვლისთანავე ყველაფერს რეცხავს. გარდა ფაროსანასა გვაქვს სეზონური ავადმყოფობების პრობლემაც: ტკიპა, ნაცარი, უეცარი ხმობა ხეების, რასაც სისტემატურად ვებრძვით როცა ამინდები არის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, წელს ამინდები არაფრის საშუალებას არ გვაძლევს",- აღნიშნა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.