2 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (The Institute of Internal Auditors – IIA) საქართველოს წევრთა პირველი ოფიციალური შეკრება გაიმართა. მომხსენებლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს ინსტიტუტის სტრატეგიული გეგმები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც IIA საქართველო პროფესიულ საზოგადოებას სთავაზობს.
საქართველოში შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი პროფესიის განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და პროფესიონალთა გაერთიანებას შეუწყობს ხელს. მისი მთავარი მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს გამჭვირვალე, ეთიკური და ეფექტიანი მმართველობის დანერგვაში, რისკების მართვასა და ანგარიშვალდებულების კულტურის გაძლიერებაში.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ინსტიტუტის მიზანია გახდეს სივრცე, სადაც შიდა აუდიტორები, აუდიტის კომიტეტების წევრები, რისკების, შესაბამისობისა და სხვა მიმართულების პროფესიონალები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, პრაქტიკებსა და გამოცდილებას. IIA საქართველო ასევე უზრუნველყოფს წევრების წვდომას ტრენინგებზე, საერთაშორისო პროფესიულ რესურსებსა და კვლევებზე.
„დღეს სულ უფრო რთული ხდება სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავება, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებით. ამიტომ შიდა აუდიტი შეითვისებს არამხოლოდ კონტროლის ფუნქციას, არამედ ის გახდება ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორი რისკების იდენტიფიცირებაში, გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და დაცვაში.
„საერთო ფასეულობებით, საერთო მომავლისკენ!“ – ეს ამ შეხვედრის გზავნილია, რითაც გვინდოდა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი მთავარი ღირებულება გვეჩვენებინა“, – ამბობენ IIA საქართველოში.
შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი (IIA) 1941 წელს აშშ-ში დაარსდა და დღეს 120-ზე მეტ ქვეყანასა და 260,000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ის წარმოადგენს აუდიტორული პროფესიის მთავარ გლობალურ ხმას, რომელიც ადგენს პროფესიულ სტანდარტებსა და სერტიფიცირების წესებს მთელ მსოფლიოში. შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი მრავალი წელია არსებობს თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ახლა კი უკვე საქართველოშიც.