Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის განაცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბური გაფართოების დასაფინანსებლად 80 მილიარდი დოლარის მოცულობის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. როგორც ირკვევა, ინვესტორებს შორის იქნება უორენ ბაფეტის საინვესტიციო კონგლომერატი Berkshire Hathaway, რომელიც კომპანიაში დამატებით 10 მილიარდ დოლარს დააბანდებს.

Alphabet-ის თქმით, კომპანია აგრძელებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ზრდას, რათა მზარდ მოთხოვნას უპასუხოს როგორც კორპორაციული AI-გადაწყვეტილებების, ისე საკუთარი ჩიპების მიმართულებით. აპრილში კომპანიამ 2026 წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი კიდევ 5 მილიარდი დოლარით გაზარდა და 180-190 მილიარდ დოლარამდე აიყვანა.

შეთანხმების ფარგლებში Berkshire Hathaway ტექნოლოგიური გიგანტის აქციებს კერძო განთავსების გზით შეიძენს. ინვესტიცია ორ ნაწილად გაიყოფა: 5 მილიარდი დოლარი Class A-ის და 5 მილიარდი დოლარი Class C-ის აქციებში ჩაიდება. ორივე ტრანზაქცია საბაზრო ფასზე დაბალ დონეზე განხორციელდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, Berkshire Hathaway-ის მონაწილეობა Alphabet-ისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიგნალია. Check Capital Management-ის პრეზიდენტის, სტივენ ჩეკის განცხადებით, კომპანიებისთვის Berkshire-ის აქციონერად ხილვა ყოველთვის დადებითი მოვლენაა, რადგან ის გრძელვადიან და სტაბილურ ინვესტორად მიიჩნევა.

ეს Berkshire Hathaway-ის მხრიდან Alphabet-ში ინვესტირების გაგრძელებაა. გასულ თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ Google-ის მშობელ კომპანიაში საკუთარი წილი გასული წლის მესამე კვარტლის შემდეგ სამჯერ მეტით გაზარდა. ამჟამად Alphabet-ში Berkshire-ის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 16.6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ჰოლდინგის ერთ-ერთ უმსხვილეს საფონდო პოზიციად მიიჩნევა.

გარდა Berkshire Hathaway-ის $10-მილიარდიანი ინვესტიციისა, Alphabet-ი გეგმავს დამატებით 30 მილიარდი დოლარის მოზიდვას საჯარო შეთავაზებების გზით. ეს თანხა სავალდებულოდ კონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებსა და Class A და Class C ტიპის აქციებს შორის თანაბრად განაწილდება.

კომპანია მესამე კვარტალში 40 მილიარდი დოლარის მოცულობის საბაზრო შეთავაზების პროგრამის დაწყებასაც აპირებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს ბაზარზე Class A და Class C აქციები ეტაპობრივად გაყიდოს.

Alphabet-ი აცხადებს, რომ მისი AI-პროდუქტებისა და სერვისების მიმართ მოთხოვნა როგორც ბიზნესკლიენტების, ისე მომხმარებლების მხრიდან იმდენად მაღალია, რომ უკვე აღემატება კომპანიის არსებულ შესაძლებლობებს.

ამავდროულად, კომპანიამ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ვალუტაში ამა თუ იმ ბაზარზე 85 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ვალი მოიზიდა. შედეგად, Alphabet-ის საერთო დავალიანებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ინვესტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ კაპიტალის ასეთი მასშტაბური მოზიდვა Alphabet-ს საშუალებას მისცემს ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენტული პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს, თუმცა აქციონერებისთვის დამატებითი აქციების გამოშვება მათი წილების გარკვეულ განზავებასაც გამოიწვევს.

წყარო: forbes.ge