მსოფლიოში არსებულმა დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ოქროს ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი, 2026 წლის დასაწყისიდან ოქროზე ფასები შემცირებისკენ წავიდოდა, პოლიტიკურმა ვითარებამ მდგომარეობა შეცვალა.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე განმარტავს, მასაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ფასები შემცირდებოდა და იანვრის დასაწყისიდან ასეც მოხდა - 4500-იდან 4300 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ჯერ ვენესუელას, შემდეგ კი - ირანის ამბებმა ეს ვარდნა შეაჩერა და პირიქით, გაზარდა.

„როცა ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე დგინდება, ქართული ბირჟის ფასები თითქმის ერთი ერთში მიყვება. ქართულ ბაზარზე ზოგჯერ დღეში ორჯერაც შეცვლილა ფასები გამომდინარე იქიდან, რა ხდებოდა საერთაშორისო ბირჟებზე.

1 გრამი სუფთა ოქრო დეკემბრის ბოლოს იყიდებოდა დაახლოებით 385 ლარად, ახლა კი 390 ლარია. იმის ალბათობა, რომ 1 გრამი ოქრო 400 ლარი გახდეს, საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, ამ ნიშნულს უკვე ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში მიაღწიოს“, - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.

ამასთან ერთად, თორნიკე სამხარაძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდის მიუხედავად, ოქროს მიმართ დაინტერესება არც შემცირდება.

„ზოგჯერ, როცა რაღაც აქტივი დიდი სისწრაფით ძვირდება, პირიქით, ეს დაინტერესებას უფრო იწვევს. რაც შეეხება ოქროს, თავისი არსით საკმაოდ სპეციფიკური პროდუქტია, არის თან საინვესტიციო, თან სამკაული და მაქვს მოლოდინი, რომ ოქროს გაძვირებას მომხმარებლის მოთხოვნა გაჰყვება.

გაძვირდება თუ არა უფრო მეტად ოქრო? დიახ - მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას შესაძლოა, მეტალის მნიშვნელოვანი გაძვირება მოჰყვეს. არის პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე 1 უნცია ოქროს ფასი 5000 დოლარი გახდება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შესაძლოა, 5000-იან ნიშნულამდე უფრო ადრეც მივიდეთ“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.