ნორვეგიაში მდებარე ქართული ღვინის ბარის "ღვინო" დამფუძნებლის, ნათია ყურუას განცხადებით, ქართული ღვინო ნორვეგიულ ბაზარზე იაფფასიან კატეგორიას არ მიეკუთვნება და ფასით კონკურენციას ვერ უწევს ისეთი ქვეყნების პროდუქციას, როგორიცაა იტალია, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ფასის კომპონენტია, რის გამოც სტრატეგიული აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალ ხარისხზე და მკაფიო ნიშაზე.

"ქართული ღვინო იაფფასიან სეგმენტში ვერ განიხილება. სამწუხაროდ, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან იტალია, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი, ნორვეგიულ ბაზარზე იმ ფასებს სთავაზობენ მომხმარებელს, რომლებთანაც კონკურენცია პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ფასით დაპირისპირება ჩვენი ძლიერი მხარე ვერ იქნება.

ქართული ღვინის მთავარი უპირატესობა ხარისხსა და იმ უნიკალურ ნიშაშია, რომელიც მას გააჩნია - ისტორიაში, ემოციაში და კულტურულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ჩვენ რეალურად ვყიდით. სწორედ ამიტომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, მუდმივად გვქონდეს მაღალი მოთხოვნა ხარისხის მიმართ, ვიზრუნოთ განვითარებაზე და არასოდეს დავაგდოთ სტანდარტი. მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ ის, რაც უნიკალურია", - აღნიშნა ყურუამ.

მისი შეფასებით, ქართული ღვინის კონკურენტული უპირატესობა განსაკუთრებით ქვევრის ტექნოლოგიაში გამოიხატება. „კლასიკურ, ევროპულ სტილის თეთრ ღვინოებში ფასით კონკურენცია ძალიან რთულია, ხოლო ქვევრის ღვინოები - განსაკუთრებით, ქარვისფერი იგივე, Orange და ქვევრის საფერავი, დღეს ქართული ღვინის გაყიდვებში დომინირებს“, - განმარტავს ის.

ყურუას თქმით, ნორვეგიულ და ზოგადად ევროპულ ბაზარზე წარმატებისთვის გადამწყვეტია რეპუტაცია და ნდობა, რომლის ჩამოყალიბებას დრო, დისციპლინა და მოთმინება სჭირდება. „როდესაც ნდობას და ლოიალურ მომხმარებელს მოიპოვებ, შემდეგ განვითარება გაცილებით მარტივდება“, - ამბობს ყურუა. მისი ინფორმაციით, ქართული ღვინის პოზიციები ნორვეგიაში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თუ 2018 წელს ბაზარზე მხოლოდ ოთხი ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, დღეს ნათია ყურუას თქმით, მის პორტფელში 42 დასახელებაა, ხოლო მთლიანად ნორვეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის დაახლოებით 80-მდე სახეობაა ხელმისაწვდომი. „ინტერესი მზარდია და ყოველწლიურად ვხედავთ ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ 2020–2021 და 2024–2025 წლები შედარებით რთული და გაყინული იყო“, - აღნიშნავს ის.

მისი ინფორმაციით, 2024 წელთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით 15%-ით შემცირდა, რაც ბიზნესს დამატებით ანალიზსა და სტრატეგიის კორექტირებას აიძულებს. „გვიწევს შეფასება - რა იმუშავა და რა არა. ცვლილებები ამ სფეროში გარდაუვალია“, - ამბობს ყურუა.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კომპანია განვითარების გეგმებზე უარს არ ამბობს. დაგეგმილია როგორც ახალი მეღვინეების დამატება, ასევე კონცეფციის გაფართოება - მათ შორის, ბარში ქართული სამზარეულოს ელემენტების, მაგალითად ხაჭაპურის შეთავაზება, რათა ღვინოსთან ერთად მომხმარებელს ქართული კულტურის სრული გამოცდილება შეექმნას.

ნათია ყურუას განცხადებით, სამომავლოდ „ღვინო“ სხვა ქალაქებში გაფართოებასაც განიხილავს, თუმცა არსებული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, კომპანია ფრთხილ სტრატეგიას ირჩევს. „ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი ის არის, რაც უკვე გვაქვს, სწორად განვავითაროთ“, - აცხადებს ნათია ყურუა.

bm.ge