კანადა ყოველთვის მხარს დაუჭერს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

მისი თქმით, გრენლანდიის მომავალი გრენლანდიამ და დანიამ უნდა გადაწყვიტონ.

„ეს სერიოზული სიტუაციაა. ჩვენ ამ ესკალაციით შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სადაც არ უნდა იყოს მათი გეოგრაფიული მდებარეობა. გრენლანდიის მომავალი, გრენლანდიის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები გრენლანდიისა და დანიის გადასაწყვეტია. ასევე, გრენლანდიის უსაფრთხოება. უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს დიდწილად ნატო-ს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.

ამასთან, მარკ კარნის განცხადებით, ნატო-ს პარტნიორები გრენლანდიის უსაფრთხოების მიმართ სრულ ერთგულებას გამოხატავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რის თქმას აპირებს კანადის პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ამ საკითხთან (ეკონომიკურ იძულებასთან) დაკავშირებით, თუ მას დავოსში შეხვდება, მარკ კარნიმ უპასუხა, რომ დონალდ ტრამპსაც ეტყვის იმ ყველაფერს, რაც ახლა თქვა.

1tv.ge