"ალალის" წვენების მწარმოებელ კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებლის გოჩა ღვინიფაძის განცხადებით,  პროდუქციაზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიას სამომავლო გეგმები ჯერჯერობით არ აქვს. 

როგორც გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ბაზარზე მომხმარებლებისა და კომპანიების დიდი ნაწილი არჩევანს უფრო დაბალფასიან პროდუქციაზე აკეთებს.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. სიტუაციიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმები ჯერჯერობით არ გვაქვს. საქართველოში ხილის გადამამუშავებელი საწარმო თითქმის აღარ დარჩა. ყველა არჩევანს იაფიან პროდუქციაზე აკეთებს, ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება კი საკმაოდ ძვირია“, – განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე წარმოების დაახლოებით, 40%-ს ყიდის, ხოლო დანარჩენ 60%-ს, ექსპორტზე. კომპანიის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრები ავსტრალია, უკრაინა და ყაზახეთია.

გარდა ამისა, "აჩინებული" მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ქვეყნებთან როგორიც არის ლიეტუვა, ლატვია და ნორვეგია.

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

bp.ge