ილონ მასკი მზად არის, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებისთვის Starlink-ით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესაძლებლობა მისცეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიხაილო ფედოროვთან საუბრისას მასკმა განაცხადა, იუწყება Financial Times.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მასკმა უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მის თანხმობაზე არ არის დამოკიდებული და საკითხს პოლიტიკური ნებართვა სჭირდება. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს.
FT-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე აღნიშნულ წინადადებას მხარს არ უჭერს.
საუბარია უკრაინის მიერ Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასკს მსგავსი შესაძლებლობის დაშვების თხოვნით მიმართა, რათა დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემების განადგურება გახდეს შესაძლებელი.
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ასეთი შესაძლებლობის მიღება უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.
ფედოროვმა Financial Times-თან ინტერვიუში მასკთან მისი საუბრის დეტალების განხილვაზე უარი განაცხადა და არც გამოცემის წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.
ამასთან, ფედოროვმა არ დააკონკრეტა, გეგმავს თუ არა მასკთან შეხვედრას. მისი თქმით, მილიარდერთან კონტაქტს კვლავ ინარჩუნებს.