კახეთში მდებარე ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი, რომელიც უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე, პოზიციების გამყარებასა და არსებული ბაზრების უფრო სიღრმისეულ განვითარებას გეგმავს. როგორც მარნის თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, 2026 წელს განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის ბაზარზე გაკეთდება, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა კვლავ გამოწვევად რჩება.
მისი თქმით, კომპანია ახალი ბაზრების აქტიურ ძიებას არ გეგმავს და სტრატეგიას იმ ქვეყნებში პოზიციების გაძლიერებაზე აგებს, სადაც უკვე ოპერირებს.
"ჯერ რომელ ბაზრებზეც ვართ, იქ მინდა განვავითაროთ პოზიციები და ცნობადობა გავზარდოთ. 2026 წელს ამერიკის ბაზარს უფრო მეტ დროს დავუთმობთ. ნაკლებად იცნობენ ქართულ ღვინოს და მინდა, რომ იქ, სადაც ჩვენი ღვინო იყიდება, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც ქართულ ღვინოზე, ისე ჩვენს პროდუქტზე“, – აცხადებს ჭოტიაშვილი.
ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანიორეში მდებარეობს. კახა და უჩა ჭოტიაშვილებმა ვენახების გაშენება 2002 წელს დაიწყეს, ხოლო 2013 წელს საქმიანობა კომპანიად – შპს „საწნახელად“ ჩამოყალიბდა. მარნის ძირითადი მიმართულება ტრადიციული, ქვევრის ტექნოლოგიით ღვინის წარმოებაა.
„ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ტრადიციული მეღვინეობა, ანუ ქვევრში ღვინის წარმოება. შეიძლება ჩვენს მარანს არაოფიციალურად ექსპერიმენტულიც ვუწოდოთ, რადგან მივიწყებული ქართული საღვინე ჯიშების აღდგენაზე ვმუშაობთ და დღეს 40-ზე მეტი ყურძნის სახეობა გვაქვს“, – ამბობს მეღვინე.
ამჟამად მარნის საკუთრებაში დაახლოებით 17 ჰექტარი ვენახია. 40-ზე მეტი ჯიშიდან 16 კომერციულ წარმოებაშია ჩაშვებული, დანარჩენები ექსპერიმენტულ ეტაპზეა. მათ შორისაა სიმონასეული („ჩიტისთვალა ბოდბური“), „კახური მცვივანი“, „ბუდეშური საფერავი“ და სხვა იშვიათი ჯიშები. წლიური წარმოება დაახლოებით 50 000 ბოთლს შეადგენს.