თბილისს 2027 წლამდე 386 ათასი კვადრატული მეტრი საწყობი შეემატება.

თბილისის სასაწყობე ბაზარზე მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. Galt & Taggart-ის პროგნოზით, დედაქალაქში სასაწყობე ფართების მოცულობა 2025 წლის 1.26 მილიონი კვადრატული მეტრიდან 2027 წელს დაახლოებით 1.65 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზრდება.

ეს ნიშნავს, რომ ბაზარს დაახლოებით 386 ათასი კვადრატული მეტრის ახალი ფართი შეემატება, ხოლო ჯამური მიწოდება დაახლოებით 31%-ით მოიმატებს.

თუმცა დაგეგმილი პროექტების უმეტესობა ღია საიჯარო ბაზარზე არ გამოვა. ახალი ფართების 69% კომპანიების საკუთარი მოხმარებისთვის შენდება, გასაქირავებელ საწყობებზე კი მხოლოდ 31% მოდის.

შესაბამისად, ახალი მშენებლობების დიდი მოცულობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოიჯარეებისთვის ფართების დეფიციტი სრულად აღმოიფხვრება. მიუხედავად საერთო მიწოდების ზრდისა, თანამედროვე გასაქირავებელ ობიექტებზე მოთხოვნა კვლავ მაღალი შეიძლება დარჩეს.

ახალი სასაწყობე ფართების 85% სამგორსა და თბილისის შემოგარენში შენდება

თბილისის სასაწყობე ინფრასტრუქტურა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილსა და შემოგარენში კიდევ უფრო კონცენტრირდება. 2027 წლამდე დაგეგმილი ახალი მიწოდების 85% სამგორსა და თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე მოდის.

სამგორი უკვე დედაქალაქის უმსხვილესი სასაწყობე ზონაა. 2025 წელს რაიონში სასაწყობე ფართების მოცულობა დაახლოებით 614 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, 2027 წლისთვის კი 829 ათას კვადრატულ მეტრამდე ზრდაა ნავარაუდევი.

თბილისის შემოგარენში არსებული დაახლოებით 75 ათასი კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი, პროგნოზის მიხედვით, 189 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზრდება.

Galt & Taggart-ი ახალი ობიექტების ამ ტერიტორიებზე კონცენტრაციას მიწის ხელმისაწვდომობას უკავშირებს. დამატებითი უპირატესობაა ცენტრალურ ავტომაგისტრალებთან, ქალაქის შესასვლელებთან და რეგიონული დისტრიბუციის მარშრუტებთან კავშირი. ტენდენციამ სამრეწველო დანიშნულების მიწაზე მოთხოვნაც შეიძლება გააძლიეროს