თბილისში არსებული 1.3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო სივრციდან სავაჭრო მოლებზე სივრცის მესამედი - 430 ათასი კვ.მ. მოდის.

რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრობებს, მათ ყველაზე დიდი, 58%-იანი წილი უჭირავთ (770 ათასი კვ.მ.), ხოლო ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებს – 9% უკავიათ (120 ათასი კვ.მ.).

საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart-მა თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის ახალი, ყოვლისმომცველი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც დედაქალაქში მოლების, ცენტრალური ქუჩებისა და ბაზრობების მიმდინარე დინამიკას, ფასებსა და სამომავლო ტენდენციებს აანალიზებს.

ანგარიშის თანახმად, 2020-2024 წლების სტაგნაციის შემდეგ, თბილისის სავაჭრო მოლების მიწოდება ზრდის ახალ ფაზაში გადავიდა, რასაც ხელი "ისთ ფოინთის" გაფართოებამ და "აუთლეტ ვილიჯის" გახსნამ შეუწყო.

არსებული მოლების ძირითადი ნაწილი - 36%, სამგორის რაიონზე მოდის.

  • სამგორი - 36%
  • დიდი დიღომი - 19%
  • საბურთალო - 13%
  • გლდანი - 10%
  • სხვა - 21%

პროგნოზის თანახმად, 2030 წლის ბოლომდე მოლების ჯამური ფართობი 33%-ით გაიზრდება (+140 ათასი კვ.მ.) და 570 ათას კვ.მ..-ს მიაღწევს.

მიუხედავად ფართობების ზრდისა, თბილისში მოლების ჭარბი მიწოდება არ იკვეთება. 1,000 მოსახლეზე გათვლით, თბილისში მოლების მიწოდება ამჟამად 319 კვ.მ.-ია, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპულ ქალაქებს, მაგალითად, პრაღას (876 კვ.მ.) ან ვარშავას (826 კვ.მ.).

გაორმაგებული ქირა მოლებში და 8.6%-იანი ამონაგები ცენტრალურ ქუჩებზე

Galt & Taggart-ის თანახმად, გააქტიურებული ვაჭრობისა და ძლიერი მოთხოვნის ფონზე, მოლებში ვაკანტურობის დონე 6.6%-მდე შემცირდა, რამაც საიჯარო ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია. საშუალო შეწონილი ქირა მოლებში 2020 წლის $15-დან 2025 წლისთვის 101%-ით, $30.2-მდე გაიზარდა კვ.მ.-ზე.

მოლებში ყველაზე მაღალ ქირას კიოსკები ($265/კვ.მ.) და თავის მოვლის მაღაზიები ($74/კვ.მ.) იხდიან, ხოლო ყველაზე დაბალს – სუპერმარკეტები ($13/კვ.მ.) და გასართობი სივრცეები ($10/კვ.მ.).

თბილისის ოთხ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე (რუსთაველი, ჭავჭავაძე, პეკინი, აღმაშენებელი) საშუალო ქირა ბოლო წლებში მეტწილად სტაბილური იყო და ზრდა ძირითადად მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დაფიქსირდა. ამჟამად რუსთაველზე საშუალო ქირა $44-ს შეადგენს, ჭავჭავაძესა და პეკინზე – $32-ს, ხოლო აღმაშენებელზე – $25-ს კვ.მ.-ზე.

ცენტრალური ქუჩები ფიზიკურად შეზღუდულია განაშენიანებისა და პარკინგის დეფიციტის გამო. მიუხედავად ამისა, ისინი ინვესტორებისთვის კვლავ ძალიან მიმზიდველია: თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე პრემიუმ ქირის ამონაგები 8.6%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონსა და ევროპის შერჩეულ ქალაქებს შორის (ბუქარესტი – 7.3%, ვარშავა – 6.6%, ვენა – 3.8%).

წყარო: bm.ge