სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ოთხი ტენდერი გამოაქვეყნა, რომელთა საერთო სავარაუდო ღირებულება 42 მილიონ ლარს აღწევს, - ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვები საიდუმლო კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომ პროცესში მონაწილეობა მხოლოდ იმ სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც შესაბამისი სპეციალური ნებართვით სარგებლობენ.
ტენდერების აღწერაში აღნიშნულია, რომ შესყიდვების პროცედურა მომზადებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების საფუძველზე.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 17 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.