2026 წლის იანვარ-ივლისში ჯარიმების, სანქციებისა და საურავების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 353.9 მილიონი ლარი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 მილიონი ლარით, 58%-ით მეტია.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემებით, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი 223.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
2026 წლის იანვარ-ივლისში ამ თანხის ძირითადი ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკისრებულ ჯარიმებზე მოდის. აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტში 286.1 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში შემოსავალი 181.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
გაზრდილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებული თანხაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის შვიდ თვეში ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტში 163.9 მილიონი ლარი შევიდა.
2025 წლის იანვარ-ივლისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტმა 126.4 მილიონი ლარი მიიღო.
შესაბამისად, მხოლოდ საგზაო ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი ერთ წელიწადში 37.5 მილიონი ლარით, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.