დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 103 265 აშშ დოლარის ოდენობით მოსაკრებელის დაწესების ინიციატივით გამოდის H-1B ვიზისთვის, რომელიც ამერიკულ კომპანიებს მაღალკვალიფიციური უცხოელი პერსონალის ქვეყანაში სამუშაოდ მიწვევის შესაძლებლობას აძლევს.
ტრამპის ასეთივე ინიციატივა, სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში გააუქმა როდესაც პრეზიდენტს ამავე ტიპის ვიზისთვის მოსაკრებლის 3000 აშშ დოლარიდან, 100 000 აშშ დოლარამდე გაზრდა მოისურვა. მაშინ, მოსამართლე ლეო სოროკინმა დაადგინა, რომ მხოლოდ კონგრესს აქვს საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება და არა პრეზიდენტს. ახლა ადმინისტრაცია ცდილობს, საფასურის გაზრდა განახორციელოს სააგენტოს ოფიციალური მარეგულირებელი პროცესის მეშვეობით და არა პირდაპირი აღმასრულებელი ბრძანებით. ახალ, 103 265 აშშ დოლარის ოდენობით მოსაკრებელთან დაკავშირებით, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თანხა მოხმარდება საიმიგრაციო სისტემის ოპერაციულ ხარჯებს და წაახალისებს ამერიკულ კომპანიებს, უცხოური სამუშაო ძალის ნაცვლად, ამერიკელები დაიქირავონ. ინიცირებული რეგულაცია დამტკიცებამდე საჯარო განხილვის 30-დღიან ეტაპს გაივლის და შესაძლოა, სამართლებრივ დაბრკოლებებსაც წააწყდეს.
ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს წაახალისონ კონკურენტუნარიანობა და განავითარონ თავიანთი ბიზნესი, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნით. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კანონმდებლობით, H-1B ტიპის ვიზის გაცემა ლიმიტირებულია და წელიწადში მხოლოდ 65 000 ადამიანზე გაიცემა. კიდევ 20 000 რეზერვშია აშშ-ის უნივერსიტეტების სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის მქონე აპლიკანტებისთვის.
ვიზის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექვსი წელია, 3-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გახანგრძლივების შესაძლებლობით.