შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს კარგი ხარისხის თხილი 9 ლარამდე ეღირება, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ გიორგი თოდუამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს თხილის ფასი თითქმის გაორმაგებული იყო.

„თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და ცოდნას, რომელიც უკვე დაგროვდა ჩვენს ინდუსტრიაში და სწორად ჩავატარებთ აგრო ღონისძიებებს მაღალ ხარისხზე ასეთი ფასი მომავალშიც დაფიქსირდება.

თავისუფლად შეიძლება მოსავლის რაოდენობის იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ რაც იყო 2019 წელს. 50-55 ათასი ტონის მიღწევა შესაძლებელია იმ გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გაგვაჩნია.

ადგილობრივი ბაზრის გარდა, ჩვენი ინფორმაციით, ექსპორტიორები მუშაობენ სხვადასხვა ბაზარზე გასასვლელად. მათ შორის, ჩინეთის, ასევე ევროპის ქვეყნებთან. ამჟამად, სტაბილური საექსპორტო ბაზარი გახლავთ გერმანია და იტალია“, - აცხადებს გიორგი თოდუა.

bp.ge