ქართულ საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმაზე ქვეყნების ჩამონათვალი იზრდება. როგორც სტარტაპ horsetours.ge-ს თანადამფუძნებელმა ლაშა გაგოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, წელს პლატფორმაზე ქვეყნების ჩამონათვალს ინდოეთი, იტალია და თურქეთი დაემატა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს არგენტინასთანაც.

ამასთან, მზარდია, როგორც მერჩანტების (საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანიები,  რომლებიც  მომხმარებლების ფართო წრეს ემსახურებიან), ასევე ჯავშნების რაოდენობაც. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ჯავშნების რაოდენობა 135%-ითაა გაზრდილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე ფიქსირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ქართველ მომხმარებელთა რიცხვიც.

„ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოს ბაზარზეა, თუმცა ასევე ყირგიზეთია საკმაოდ აქტუალური და მონღოლეთი. მეტად მიმზიდველია ევროპელი ტურისტებისთვის, ვინაიდან მრავალდღიანი ტურებით ძირითადად ისინი სარგებლობენ. ასევე, საკმაოდ გაზრდილია ქართველი მომხმარებლების რაოდენობაც, რაც წინა წლებში ასე არ იყო.  უცხოელები აჭარბებდა და ახლა თითქმის გათანაბრდა ეს მაჩვენებელი“, - განაცხადა ლაშა გაგოიძემ

ცნობისთვის, პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 3 წლის წინ შეიქმნა.სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის.

სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამ ეტაპზე Horsetourse.ge-ზე 9 ქვეყნის (საქართველო, ყირგიზეთი, იორდანია, მონღოლეთი, იტალია, არგენტინა, ინდოეთი, სლოვენია, მაროკო) საცხენოსნო ტურებია ხელმისაწვდომი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი