შპს „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 8.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ერთი წლით ადრე, 2024 წელს, კომპანიას 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 82.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3.5%-ით, დაახლოებით 3 მილიონი ლარით ნაკლებია.

შემოსავლების კლების მთავარი მიზეზი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული ამონაგების შემცირება გახდა. თუ 2024 წელს ამ მიმართულებით მიღებული შემოსავალი 55.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წელს ის 52.3 მილიონ ლარამდე შემცირდა. პარალელურად, გადაზიდვებისა და საამანათო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი მცირედით გაიზარდა — 29.3 მილიონიდან 29.7 მილიონ ლარამდე, თუმცა ამ ზრდამ საერთო შემოსავლების შემცირება ვერ დააბალანსა.

კომპანიის ხარჯებში ყველაზე დიდი წილი კვლავ პერსონალზე გაწეულ დანახარჯებს უკავია. გასულ წელს ხელფასებსა და თანამშრომელთა სხვა სარგებელზე 39.7 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 4 მილიონი ლარით მეტია.

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოს „საქართველოს ფოსტის“ აქტივები 92.7 მილიონ ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 98.8 მილიონი ლარი იყო. კომპანიის საკუთარი კაპიტალი 71.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, ხოლო ვალდებულებები 21.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აქედან 20.8 მილიონი ლარი მოკლევადიან, ხოლო 624 ათასი ლარი გრძელვადიან ვალდებულებებს წარმოადგენს.

დაგროვილმა ზარალმა წლის ბოლოს 20.6 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2024 წლის ბოლოს არსებულ 12.1 მილიონ ლართან შედარებით 8.6 მილიონი ლარით მეტია და სრულად ასახავს 2025 წლის ფინანსურ შედეგს.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელმა აუდიტორმა Baker Tilly Georgia-მ პირობითი მოსაზრებით შეაფასა. აუდიტორის განმარტებით, შესაბამისი შეფასების მიზეზი საერთაშორისო საფოსტო ადმინისტრაციებთან არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ასევე რამდენიმე სხვა მუხლის შესახებ საკმარისი აუდიტორული მტკიცებულებების ვერ მოპოვება გახდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაგროვილი და მიმდინარე ზარალის ფონზე კომპანიის საქმიანობის უწყვეტობა გარკვეულწილად სახელმწიფოს მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად არსებული შედეგებისა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ 2026 წელს უკვე მოგებაზე გავა. მისი თქმით, კომპანიაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც 102 შტატი გაუქმდა, რაც წლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობას ქმნის.

პრემიერის განცხადებით, დაგეგმილია კიდევ 20 წამგებიანი სერვისცენტრის ოპტიმიზაციაც, რაც დამატებით 1.1 მილიონი ლარის ეკონომიას უზრუნველყოფს. ასევე, შუამავალი კომპანიებისთვის გადაცემული ბიზნესპროცესების ფოსტაში დაბრუნების შედეგად, კომპანია ყოველწლიურად 14.2 მილიონი ლარის დამატებით შემოსავალსა და დანაზოგს ელოდება.

მისივე ინფორმაციით, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, რაც „საქართველოს ფოსტას“ წლიურად დაახლოებით 1.3 მილიონ ლარს შემატებს. გარდა ამისა, თურქეთის ავიახაზებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა სატერმინალო გადასახადი და ფოსტის გაგზავნის ტარიფი განახევრდა. ანალოგიური მოლაპარაკებები კიდევ ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანიას დამატებით 4.3 მილიონი ლარის წლიური შემოსავლის მიღების მოლოდინი აქვს.

ხარჯების შემცირების მიზნით, შიდა გზავნილების ნაწილში იგეგმება „საქართველოს რკინიგზისა“ და შიდა ავიარეისების უფრო აქტიური გამოყენებაც. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების შედეგად „საქართველოს ფოსტა“ პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოგებაზე გასვლას შეძლებს, ხოლო დაგროვილი დავალიანების სრულად დაფარვა წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.