საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაზე ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევებისა და აპრობირებული პრაქტიკის გაზიარებას, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს კომპანიების საოპერაციო საქმიანობის მდგრადობაზე.

 

ტრენინგი, რომელსაც წამყვანი ექსპერტი, ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ნიკოლოზ გიორგაშვილი უძღვებოდა, ისეთ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნა, როგორიცაა ISO/IEC 27001, ISO 27005 და ISO 31000.

 

დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) მიზნები, მისი პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი ინფორმაცია, პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო როლების გადანაწილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის ჩარჩოს, იდენტიფიკაციითა და შეფასებით დაწყებული მათ მართვამდე. თეორიულ სესიებთან ერთად, დღის წესრიგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა მიღებული ცოდნის რეალურ ბიზნეს პროცესებთან ადაპტირებაში.

 

ტრენინგის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს კონტროლის მექანიზმების დანერგვისა და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სექტორული იმპლემენტაციის სპეციფიკა.

 

„ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ინფორმაციული უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ის ბიზნესის უწყვეტობისა და ინსტიტუციური სტაბილურობის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პრიორიტეტულია წევრი კომპანიებისთვის მსგავსი მაღალტექნოლოგიური და სტრატეგიული ცოდნის გაზიარება. აღნიშნული ტრენინგის გამართვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს ჩვენს სურვილს, ხელი შევუწყოთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საქართველოში ბიზნესის მდგრად განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.