2026 წლიდან ოქროს გაიაფების მოლოდინები არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ ფასის კლება გრძელვადიანი იქნება, ეს სამკაულებისა და ნაკეთობების ღირებულებაზეც აისახება.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, ფასი უნციაზე დაახლოებით 200 დოლარით დაიწიოს, რაც საქართველოს ბაზარზე სუფთა ოქროს ფასში დაახლოებით 7 ლარიანი კლება იქნება.

„2025 წელი გამოწვევების წელი იყო. ოქრომ რამდენჯერმე დაამყარა რეკორდი ფასის მიხედვით და ჩვენც მოგვიწია, ნაკეთობებზე ფასი გაგვეზარდა. წლის ჭრილში ნაკეთობების ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ფასში სრულად არ არის გათვალისწინებული ის ზრდა, რაც ოქროსთან მიმართებაში შეინიშნებოდა. ამას მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამის ფარგლებში გვიწევს ჩვენი მარჟის შემცირების ხარჯზე.

შარშანდელთან შედარებით, წელს მოთხოვნა გაზრდილია და ველოდებით უფრო გააქტიურებას, ძირითადად, ყველაზე აქტიური ფაზა დეკემბრის ბოლო კვირაში იწყება. ველოდებით, რომ წლის წლის ანალოგიურ პერიოდს ეს დეკემბერი აჯობებს“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით დეკემბერი და წინასაახალწლო სამზადისი სექტორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. სწორედ ამ პერიოდს ელოდება დარგი მთელი წელი და ემზადება, ბაზარს ახალი მოდელები, კოლექციები და სამკაულები შესთავაზოს.

„ფასებს ყოველთვის ვადგენთ იქიდან გამომდინარე, როგორია ჩვენი ბიზნესის საჭიროებები. არასოდეს „ზარაფხანას“ ფასწარმოქმნა არ უწარმოებია კონკურენტების ფასზე გადახედვით, რადგან მთავარი ჩვენი წარმოების ხარისხი და საჭიროებებია. ვერ გამოვალთ იმ მომენტიდან, ფასთა რა დიაპაზონია კონკურენტებში. ზოგჯერ ეს ფასი ძალიან დაბალიც არის ხოლმე და ამ ფასებში „ზარაფხანა“ თავის ხარისხს ვერ დაიცავს“, - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.