„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხზე დისკუსიის დროს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს მთავარმა მოკავშირემ, საფრანგეთის ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა უღალატა. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გამართული დისკუსიების დროს, რომლის ფარგლებში ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხი განიხილებოდა, გერმანიის კანცლერი მისი მთავარი მოკავშირის, საფრანგეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ბრიუსელის სამიტამდე ემანუელ მაკრონი საჯაროდ არ ეწინააღმდეგებოდა გერმანიის წინადადებას, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციული სესხის გადაცემას“.
თუმცა, კონფიდენციალურ საუბრებში საფრანგეთის ლიდერი და მისი მრჩევლები ეჭვს გამოთქვამდნენ რუსული აქტივების ამ მექანიზმით გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, აცხადებდნენ, რომ საფრანგეთისთვის რთულია გასცეს გარანტია, რომ პარიზი შეიტანს წვლილს ამ თანხების მოსკოვისთვის დაბრუნებაში, თუ ასეთი რამ გახდება საჭირო, რადგანაც საფრანგეთს ისედაც მძიმე ტვირთად აწვება საკუთარი ვალები.“
გამოცემის ცნობით, საბოლოო ჯამში, როდესაც იტალია შეურთდა ბელგიას, რომლის მთავრობაც ასევე უარყოფდა ე.წ. რეპარაციული სესხის იდეას, მაკრონმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ინიციატივის ჩაგდებაში.
„მაკრონმა უღალატა მერცს, და მან იცის რომ ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს, მაგრამ მაკრონი ისეთი სუსტია, რომ მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ჯორჯია მელონის ზურგს უკან დამალულიყო“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.