1 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 135 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. აქედან მაღალი და საშუალო ხარისხის ყურძენი 133 884 ტონას, ანუ მთლიანი მოცულობის 99.2%-ს შეადგენს, ხოლო მკვახე და უხარისხო ყურძნის რაოდენობა 1 116 ტონაა, რაც 0.8%-ს შეადგენს.
რთველის ფარგლებში მოსავალი 9 800-მა მევენახემ უკვე დააბინავა. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
უწყების ინფორმაციით, რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.
ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.
ყურძნის ჩაბარების ფასები შემდეგია:
- საფერავი: შაქრიანობა არანაკლებ 20% — 1.50 ლარი/კგ; 16%-დან 20%-მდე — 1 ლარი; 16%-ზე ნაკლები — 0.50 ლარი;
- რქაწითელი და სხვა საღვინე ჯიშები: შაქრიანობა არანაკლებ 19% — 1.30 ლარი/კგ; 16%-დან 19%-მდე — 0.90 ლარი; 16%-ზე ნაკლები — 0.50 ლარი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზებზე: 1501 და 032 2 19 37 18.