2026 წელს საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილების გაყიდვები რეკორდულ, 23 მილიონ დოლარამდე გაიზრდება - ამის შესახებ საავიაციო ნაწილების მწარმოებელი ქარხნის "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები-ციკლონის" (ATC) ფინანსური დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, საწარმო, რომელიც ამერიკული საავიაციო გიგანტისთვის, Boeing-ისთვის მუშაობს, მიმდინარე წელს წარმოების მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს.
"2025 წელს გვქონდა დაახლოებით 14 მილიონი დოლარის გაყიდვები, ხოლო 2026 წელს ვგეგმავთ, რომ 22-23 მილიონ დოლარამდე ავალთ," - ამბობს მიხეილ ბეგიაშვილი.
ფინანსური დირექტორის განმარტებით, ექსპორტის მკვეთრი ზრდა გლობალურ ბაზარზე საავიაციო ინდუსტრიის გამოცოცხლებამ განაპირობა. პანდემიის შემდგომ, მგზავრთნაკადისა და ტვირთების გადაზიდვის მატებამ თვითმფრინავების წარმოებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.
"ჩვენ ვაწარმოებთ კომპოზიტურ, თვითმფრინავის სტრუქტურის ნაწილებს. ჯერჯერობით, ჩვენი ერთადერთი მომხმარებელი Boeing-ია და ძირითადი საექსპორტო ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. პანდემიის პერიოდში თვითმფრინავების წარმოება შემცირდა და ახლა კი, ბაზარი უბრუნდება საწყის პერიოდს, და პირიქით, კიდევ უფრო იზრდება მგზავრების გადაყვანა, ტვირთების ტრანსპორტირება და შესაბამისად ბაზარზეც არის ზრდა. პანდემიის განმავლობაში კი, 2-3 წლის პერიოდში, სერიოზული პრობლემები იყო ბაზარზე და ამიტომ შემცირებული გვქონდა გაყიდვები" - ამბობს მიხეილ ბეგიაშვილი
მისივე თქმით, წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ნედლეული ძირითადად, იმპორტირებულია, თუმცა ბაზრებზე ფასების კრიტიკული ზრდა ამ ეტაპზე, არ ფიქსირდება.
მისივე ინფორმაციით, წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად, საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება. ბეგიაშვილი იხსენებს, რომ პანდემიის პერიოდში, ბაზარზე არსებული პრობლემების გამო, საწარმოში დასაქმებული კადრების რაოდენობა 110-მდე შემცირდა, თუმცა ამჟამად პროცესი საწინააღმდეგოდ ვითარდება.
"ახლა უკვე 200 თანამშრომელი გვყავს და მომდევნო წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ 260-მდე ავიდეთ. რადგან სპეციფიკური სამუშაოა ხდება თანამშრომლების შიდა დატრენინგება და გადაკვალიფიცირება," - ამბობს ბეგიაშვილი.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან საფრენი აპარატების და საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის 11 თვეში საფრენი აპარატების ნაწილების ადგილობრივმა ექსპორტმა 12.475 მლნ დოლარი შეადგინა, როცა, ეს მაჩვენებელი 2024 წელს 5.606 მლნ დოლარი იყო.
საფრენი აპარატის ნაწილების საექსპორტო ბაზრებს შორის აშშ ლიდერობს. სამეულში არიან გერმანია და ყაზახეთი.