„არსებობს პროდუქცია, რომელზეც ფასნამატი შეიძლება 86%-ზე მეტი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, არის პროდუქცია, სადაც მნიშვნელოვნად დაბალი ფასნამატია“, - აცხადებს რადიო „კომერსანტის“ ეთერში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე.
როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, პრემიერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაზეც წლების განმავლობაში საჯარო განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა და ეხებოდა საკითხებს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო ფასწარმოქმნაში და ხელს უშლის განვითარებაში განსაკუთრებით მძირე და საშუალო ბიზნესს,საბოლოოდ კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ფასებზე.
მისივე თქმით, როცა ყოველწლიურად ხდება ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადების ზრდა, ეს პროპორციულად ისახება პროდუქციის ფასებზე. შესაბამისად, თუ ამ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდა, როგორც მინიმუმ ფასების სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები დადგება.
„გადასახადები, რომელიც ქსელური მარკეტების მიერ არის დაწესებული, კიდევ ერთხელ დეტალურად გავშალეთ და ინფორმაცია მივაწოდეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. მნიშვნელოვანია სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არსებობდა და 2 წლის წინ, ჩვენდა სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო შეჩერდა. დღესაც არ ვიცით, რამ გამოიწვია ამ პროცესის შეჩერება მაშინ, როდესაც პირიქით, ფორსმაჟორულ რეჟიმში ხდებოდა მასზე მუშაობა“, - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ გადასახადების გარდა, მნიშვნელოვან პრობლემებს აჩენს და ფასებზე უარყოფითად მოქმედებს მარკეტების მხრიდან თანხების ჩარიცხვის დაგვიანება. რიჟამაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად არეგულირებს მსგავს ურთიერთობებს, მათ შორის, ევროკავშირის დირექტივაც კი არსებობს წევრ ქვეყნებში, სადაც გაწერილია ვადები და პირობები, რაც არ შეიძლება მხარეებმა გამოიყენონ.
„საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ რითეილს გააჩნია მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბაზარზე და შესაბამისად, ყველგან სახელმწიფომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ურთიერთობა მოექცია კონკრეტულ ჩარჩოში, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენსფასებზე. ფასწარმოქმნაში მხოლოდ ეს პრობლემები არ არსებობს, სხვა ბევრი გარემოებაცაა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ სწორედ ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის ნორმალიზება და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობა, რა თქმა უნდა, ფასწარმოქმნაზე დადებით გავლენას იქონიებს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.