საქართველოს ელექტროენერგიის უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიები — „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ — მომდევნო ხუთ წელიწადში ელექტროგამანაწილებელი ქსელების განვითარებასა და გაუმჯობესებაში ჯამურად 1.4 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ. საინვესტიციო გეგმები ტარიფების გადახედვის პროცესის ნაწილია. ამასთან, კომპანიების ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების სექტორში ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და მოგება გენერირდება.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას, განცხადებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თავდაპირველი საინვესტიციო გეგმა გადაიხედა და ხუთი წლის განმავლობაში 1.56 მილიარდი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, „თელასის“ გეგმა კი 400 მილიონი ლარია. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დამატებით აიღო ვალდებულება, სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 43 მილიონი ლარი დახარჯოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისე, რომ ამ თანხის დასაფარად ტარიფის ზრდა არ მოითხოვოს.

ტარიფების გადახედვის პროცესი 2025 წლის დეკემბერში სამი თვით გადავადდა, თუმცა 2026 წლის 30 მარტს სემეკმა ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაამტკიცა, რომლებიც 1 აპრილიდან ამოქმედდა. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატსაათზე 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული მომხმარებლებისთვის კი მატებამ, ძაბვის დონის მიხედვით, საშუალოდ 4–6 თეთრი შეადგინა. სემეკის განმარტებით, გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ელექტროენერგიის შესყიდვის გაძვირებამ და ქსელების განახლებისთვის საჭირო ინვესტიციებმა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ — ₾1.12 მლრდ-ის შემოსავალი და ₾270 მლნ-ის მოგება

„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფის შემოსავალმა 1.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.6%-ით მეტია. წმინდა მოგებამ დაახლოებით 269.7 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს ჯგუფის შემოსავალი დაახლოებით 1.1 მილიარდი ლარი, წმინდა მოგება კი 265 მილიონი ლარი იყო.

2025 წელს ჯგუფის შემოსავლის ძირითადი წყარო ელექტროენერგიის მიწოდება იყო, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 1.036 მილიარდი ლარი შეადგინა. მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 84.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯმა 618 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანახარჯებმა 157.1 მილიონი ლარი შეადგინა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ თბილისის გარდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მართავს და 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ჯგუფში ასევე შედის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“, ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორი „ეპ ჯორჯია გენერაცია“ და თბოელექტროსადგურის მფლობელი „ჯიფაუერი“. ჯგუფის მფლობელია ჩეხური ენერგეტიკული კომპანია „ენერგო-პრო“.

„თელასის“ მოგება ₾76 მლნ-მდე გაიზარდა, „თელმიკო“ კი ₾53.6 მლნ-ის ზარალზეა

„თელასის“ ჯგუფის ბოლო ხელმისაწვდომი ფინანსური მონაცემებით, 2025 წელს ჯგუფში შემავალ ორ ძირითად კომპანიას განსხვავებული შედეგები ჰქონდა. „თელასის“ შემოსავალმა 235 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 76 მილიონი ლარი შეადგინა. „თელმიკომ“ იგივე „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ კი, რომელიც მომხმარებლებს ელექტროენერგიას აწვდის, 707 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო და წელი დაახლოებით 53.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შესაბამისად, ჯგუფის ორი კომპანიის ჯამურმა წმინდა მოგებამ დაახლოებით 23 მილიონი ლარი შეადგინა.

2025 წელს „თელასის“ საოპერაციო მაჩვენებლები გაიზარდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქსელში გაშვებული ელექტროენერგიის მოცულობამ 3.79 მილიარდი კილოვატსაათი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.9%-ით აღემატება. აბონენტების რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა და წლის ბოლოს 814.8 ათასს მიაღწია. ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე კი 7,623 კილომეტრამდე გაიზარდა.

„თელასის“ 75%-ს რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს, მინორიტარული წილის მფლობელი კი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგია. ჯგუფში შედის „თელასი“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“. „ინტერ რაოს“ ასევე ეკუთვნის ჰიდროელექტროსადგურები „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“.