ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კვირა უმეტესად ნეგატიურ ნიშნულში დასრულდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების უმეტესობამ გასული სავაჭრო კვირა ფასების შემცირებით დაასრულა. მიუხედავად მოკლევადიანი კლებისა, გრძელვადიან პერიოდში სამივე კომპანია კვლავ ზრდის ტრაექტორიას ინარჩუნებს.

ყველაზე დიდი შემცირება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებმა აჩვენა. კომპანიის ფასიანი ქაღალდები კვირის განმავლობაში 6.88%-ით გაიაფდა და ერთი აქციის ღირებულება 39.48 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.74 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ბოლო კვირის უარყოფითი დინამიკისა, ბოლო ექვს თვეში აქციის ფასი 38.54%-ით არის გაზრდილი. 

კლება დაფიქსირდა „საქართველოს ბანკის“ მშობელი კომპანიის, Lion Finance Group-ის (BGEO) აქციებშიც. მათი ღირებულება 4.23%-ით შემცირდა და 106.4 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.2 მილიარდ გირვანქას აღემატება. მიუხედავად კვირის შედეგისა, ბოლო ექვს თვეში BGEO-ს აქციები 16%-ზე მეტით არის გამყარებული. 

უარყოფითი ტენდენცია შეეხო „თიბისი ბანკის ჯგუფსაც“ (TBC Bank Group PLC). კომპანიის აქციები 2.22%-ით გაიაფდა და 44 გირვანქა სტერლინგზე დაფიქსირდა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.45 მილიარდ გირვანქას შეადგენს, ხოლო ექვსთვიან პერიოდში აქციების ღირებულება 9.05%-ით არის გაზრდილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირის შედეგები ინვესტორებისთვის ნაკლებად პოზიტიური აღმოჩნდა, გრძელვადიანი მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიები კვლავ ინარჩუნებენ ზრდის პოტენციალს და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს. განსაკუთრებით გამორჩეულია „საქართველოს კაპიტალისა“ და Lion Finance Group-ის მრავალთვიანი შედეგები, რაც ქართული ფინანსური სექტორის მიმართ ბაზრის ნდობაზე მიუთითებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart