უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია, ყოველწლიურად, საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, 20 მილიონამდე დრონი და შორ მანძილზე მოქმედი ათასობით რაკეტა აწარმოოს. თუმცა, ამას შესაბამისი დაფინანსება დასჭირდება.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მსტისლავ ბანიკმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს ონლაინ გამოსვლის დროს მიაწოდა.

ბანიკმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობისა და ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სასწრაფოდ გააძლიერონ კრიტიკულ სფეროებში კიევის მხარდაჭერა.

პრიორიტეტებს შორის დასახელდა:

  • საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა კრიტიკული შეიარაღების მიწოდების დაფინანსება, უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ფარგლებში;
  • „პეტრიოტის“ სისტემებისთვის საზენიტო რაკეტების შესყიდვა;
  • შორ მანძილზე მოქმედი 155 მილიმეტრიანი არტილერიის საბრძოლო მასალის შესყიდვა (ჩეხური ინიციატივის ფარგლებში);
  • უკრაინული დრონებისა და რაკეტების წარმოების პირდაპირი დაფინანსება.

„უკრაინისთვის პრიორიტეტია ისეთი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა, რომელთა ფრონტის ხაზზე განთავსებაც უკვე ამ წელს იქნება შესაძლებელი. ჩვენს ინდუსტრიას უნიკალური საწარმოო შესაძლებლობები გააჩნია და ყოველწლიურად 20 მილიონამდე დრონის, ასევე შორეულ მანძილზე დარტყმებისა და საჰაერო თავდაცვისთვის ათასობით რაკეტის წარმოება შეუძლია“, - განაცხადა ბანიკმა.

მან ასევე განმარტა, რომ საჭირო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ეს სიმძლავრეები რამდენიმე თვეში სრულად ამოქმედდება.

გარდა ამისა, მინისტრმა პარტნიორებს დამატებითი ორმხრივი დაფინანსების უზრუნველყოფისკენ (ევროკავშირის სესხის გარდა) მოუწოდა, რათა მიღწეულ იქნას მიმდინარე წლის მიზნობრივი მაჩვენებელი - 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება.

21 მაისს პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ საჭირო იარაღით, ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ქვეყნის თავდაცვის ძალების მომარაგება 900-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო კომპანიის პასუხისმგებლობაა, სადაც 300 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

2026 წლის იანვარში, თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ კიევმა პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა სამხედრო სტრატეგია, რომლის განხორციელებასაც 2026 წელს 120 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

წყარო: 1 არხი