ბერნში მდებარე ფედერალური სასახლეში განთავსებულია შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატა და ქვეყნის მთავრობა. ყველა ეს სახელისუფლებო სტრუქტურა რეფერენდუმზე გატანილი ინიციატივის წინააღმდეგია

შვეიცარია რეფერენდუმის წინ - მიმოხილვა

14 ივნისს შვეიცარიაში ტარდება რეფერენდუმი, რომლითაც უნდა გაირკვეს, სურთ თუ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ 2050 წლამდე შვეიცარიის მოსახლეობა 10 მილიონამდე გაიზარდოს. გთავაზობთ მიმოხილვას, თუ როგორი ვითარებაა ამ დროისთვის:

მიმდინარე სტატისტიკა

ქვეყნის ამჟამინდელი მოსახლეობა: 9,1 მილიონი ადამიანი (2025 წლის ნოემბერი); მათ შორის - უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2,5 მილიონი (2025 წლის ნოემბერი); ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეები: 5,6 მილიონი.

ვის აქვს ხმის მიცემის უფლება: 18 წელზე უფროსი ასაკის შვეიცარიის მოქალაქეები.

ზოგადი ინფორმაცია

2002 წელს ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, შვეიცარიის მოსახლეობა დაახლოებით 1.7 მილიონით გაიზარდა, რაც, ძირითადად, მიგრანტების ხარჯზე მოხდა.

პირდაპირი დემოკრატია

შვეიცარიაში პირდაპირი დემოკრატიის სისტემა მოქმედებს. მოქალაქეებს შეუძლიათ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეფერენდუმის გზით გაასაჩივრონ და სახალხო ინიციატივების მეშვეობით, თავად წარადგინონ ახალი კანონპროექტები. საერთო ეროვნული სახალხო ინიციატივის წამოსაწყებად, 18 თვეში 100 000 ვალიდური ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

ინიციატივა

ამჟამინდელ ინიციატივას ეწოდება „არა 10-მილიონიან შვეიცარიას! (მდგრადობის ინიციატივა)“. მისი პირობების თანახმად, თუ 2050 წლამდე ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 9.5 მილიონს გადააჭარბებს, მთავრობამ და პარლამენტმა საგანგებო ზომები უნდა მიიღონ - განსაკუთრებით თავშესაფრის მიცემისა და მიგრანტთა ოჯახის წევრების შეერთების საკითხებში. მთავრობას ასევე მოუწევს გამონაკლისების დაშვება ან დამცავი დებულებების ამოქმედება იმ საერთაშორისო შეთანხმებებში, რომლებიც მოსახლეობის ზრდის ხელშემწყობად მიიჩნევა.

თუ 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობა 10-მილიონიან ზღვარს მაინც გადააჭარბებს, შვეიცარიას მოუწევს ორი წლის ვადაში შეწყვიტოს ეს ხელშეკრულებები, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შესახებ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები

გამოკითხვები აჩვენებს, რომ რეფერენდუმის წინ, მასზე გასატანი ინიციატივის მოწინააღმდეგეთა ბანაკი პოზიციებს იმყარებს.

3 ივნისი

: (LeeWas-ის გამოკითხვა მედიაჯგუფ Tamedia-სა და გაზეთ 20 Minuten-ისთვის. გამოკითხვის პერიოდი: 27-28 მაისი).

მომხრე: 47 პროცენტი (-5: 29 აპრილს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით); წინააღმდეგი: 52 პროცენტი (+6: 29 აპრილს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით).

3 ივნისი

: (gfs.bern-ის გამოკითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. გამოკითხვის პერიოდი: 19-27 მაისი. ფრჩხილებში: ცვლილება 8 მაისის გამოკითხვასთან შედარებით.) მომხრე: 45 პროცენტი (-2); წინააღმდეგი: 52 პროცენტი (+5)

27 მაისი

: (YouGov-ის გამოკითხვა. გამოკითხვის პერიოდი: 18-26 მაისი). მომხრე: 43 პროცენტი; წინააღმდეგი: 51 პროცენტი

ვინ უჭერს მხარს ინიციატივას?

კენჭისყრის ინიციატორია მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტია“ (SVP), რომელიც უდიდესი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში. „კონტროლიდან გამოსული მიგრაცია შვეიცარიის მოსახლეობის ზედმეტად სწრაფ ზრდას იწვევს, რისი უარყოფითი შედეგებიც ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა“, - აცხადებენ კამპანია „მომხრეების“ წარმომადგენლები.

ვინ არის წინააღმდეგ?

შვიდწევრიანი მთავრობა, რომელიც ოთხი წამყვანი პარტიის (მათ შორის შვეიცარიის სახალხო პარტიის) მინისტრებისგან შედგება, 14 ივნისის რეფერენდუმზე გამოტანილ ინიციატივას მთლიანად ეწინააღმდეგება. იგი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერა შექმნის გაურკვევლობას, საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ სტაბილურობას, ზიანს მიაყენებს ეკონომიკას და შვეიცარიის კეთილდღეობასა და შიდა უსაფრთხოებას დაემუქრება. ინიციატივას, მთლიანობაში, არც პარლამენტი ემხრობა - ორივე პალატაში დეპუტატთა დიდი უმრავლესობა აშკარა წინააღმდეგია. ამ ინიციატივას, სახალხო პარტიის (SVP) გარდა, ყველა წამყვანი პარტია ეწინააღმდეგება.

ინიციატივის მოწინააღმდეგეთა რიგებში ასევე არიან: შვეიცარიის პროფკავშირების ფედერაცია, შვეიცარიის დამსაქმებელთა ასოციაცია და ბიზნესის კოალიციური ორგანიზაცია economiesuisse. „ეს ინიციატივა ვერც დამატებითი საცხოვრებელი ფართების შექმნას წაადგება და ვერც უკანონო მიგრაციას შეაჩერებს. ის პრობლემებს კი არ მოაგვარებს, არამედ ახალ სირთულეებს შექმნის. ის ჩვენს ბიზნესებსა და მთელ საზოგადოებას წაართმევს სამუშაო ძალას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება“, - აცხადებენ კამპანია „მოწინააღმდეგების“ წარმომადგენლები.

რა არის საჭირო ინიციატივის ძალაში შესასცლელად?

საჭიროა ე. წ „ორმაგი უმრავლესობა“ - იმისთვის, რომ ინიციატივა ძალაში შევიდეს, მან უნდა მოიპოვოს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე შვეიცარიის 23 ცალკეულ კანტონსა და 6 ნახევარკანტონში (half-cantons).

წყარო: 1 არხი