ღვინის სექტორში მცირე მარნები არაერთ გამოწვევას აწყდებიან, რაც როგორც ადგილობრივ წარმოებას, ისე ექსპორტის შესაძლებლობებს უკავშირდება. ამის შესახებ საოჯახო მარნის „ოდას“ დამფუძნებელმა, ქეთო ნინიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, მცირე მარნებისთვის რუსული ბაზარი აღარ განიხილება მარტივ გამოსავლად, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისულ პერიოდში ზოგიერთი მწარმოებელი შესაძლოა სწრაფი გზების ძიებას ცდილობდეს. "ჩვენნაირი მარნებისთვის ახლა რუსეთი არასდროს არ იქნება ისეთი მარტივი მიმართულება. მცირე მარნები აწარმოებენ 6-დან 8-10 ათას ბოთლამდე, ზოგჯერ 15-20 ათასს, მაქსიმუმ 25 ათასს, და ამ რაოდენობის რეალიზაციაც კი არ არის მარტივი, რადგან ეს პროცესი ბევრ სხვა პრობლემასთან არის გადაჯაჭვული", – აღნიშნავს ნინიძე.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იგი ასახელებს ადგილობრივი წარმოების ნაკლებობას შესაფუთი მასალების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში არ იწარმოება ისეთი აუცილებელი კომპონენტები, როგორიცაა ბოთლი და საცობი, რაც პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის: "თუ რაიმე სუბსიდირებაზეა საუბარი, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რომ ჩვენი პროდუქტი კიდევ უფრო არ ძვირდებოდეს. ქვევრის ღვინო ისედაც შედარებით ძვირია და გარკვეულ ბაზრებზე ფეხის მოკიდება მარტივი არ არის", - განმარტავს ის.

ქეთო ნინიძე ეთერში საგადასახადო პოლიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მცირე მარნებისთვის არსებული დღგ-ის ზღვარი გამოწვევად რჩება. მისი თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაბალია დღგ და განსხვავებული ეკონომიკური გარემოა, ხოლო საქართველოში მოქმედი 100 ათასი ლარის ზღვარი მცირე ბიზნესისთვის მაინც მძიმე ტვირთია. „მინიმუმ ეს ზღვარი რომ 500 ათას ლარამდე გაიზარდოს, ეს გაცილებით დიდი შვება იქნებოდა ჩვენნაირი მცირე საწარმოებისთვის“, – ამბობს ნინიძე.

მისივე შეფასებით, დადებით მაგალითს წარმოადგენს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლითაც მარანი წლებია სარგებლობს, თუმცა აქაც გარკვეული შეზღუდვები არსებობს: „პროგრამა კარგია, მაგრამ უფრო კომპლექსური მიდგომა რომ იყოს და მეტ მიმართულებას აფინანსებდეს, გაცილებით კომფორტული იქნებოდა მეღვინეობის სექტორისთვის“, – აღნიშნავს საოჯახო მარნის დამფუძნებელი.

მისი განმარტებით, დარგის განვითარებისთვის აუცილებელია როგორც ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ისე ფინანსურ და საგადასახადო პოლიტიკაში ისეთი ცვლილებები, რომლებიც მცირე მარნებს მეტ შესაძლებლობას მისცემს ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

წყარო: bm.ge