საქართველოსა და ბელარუსის რკინიგზის ხელმძღვანელობამ სატვირთო გადაზიდვების განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო რკინიგზა იუწყება.
ბელარუსული მხარის ცნობით, 2026 წლის 27 მაისს ბელარუსის რკინიგზის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბელარუსის რკინიგზის სახელმწიფო გაერთიანების ხელმძღვანელ ვალერი ვერენიჩსა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს შორის.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ბელარუსი, საქართველო, ბელარუსის მიმართულებით ტვირთების გადაადგილებაზე, ახალი მარშრუტების შესაძლებლობებსა და კონკურენტული სატარიფო პირობების შემუშავებაზე.
ბელარუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატვირთო ვაგონების განახლებასაც. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ დაადასტურა დაინტერესება ბელარუსში წარმოებული სატვირთო ვაგონების შეძენასთან დაკავშირებით, მათ შორის მოგილევის ვაგონმშენებელი ქარხნისა და ოსიპოვიჩის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხნის პროდუქციის მიმართ.
ამ ეტაპზე შეხვედრისა და შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზას“ საჯაროდ არ გაუვრცელებია.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, კომპანია მოძრავი შემადგენლობის განახლებას გეგმავს და ამ პერიოდში 1500 ახალი სატვირთო ვაგონის შეძენას აპირებს.
შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ, რა შეიძლება იყოს შესყიდვის ღირებულება.
სატვირთო ვაგონების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე მოდელისა და დანიშნულების მიხედვით, საშუალოდ ათობით ათასი დოლარიდან იწყება, ამიტომ 1500 ერთეულის განახლება, დიდი ალბათობით, ასობით მილიონი დოლარის მასშტაბის საინვესტიციო პროექტია, თუმცა კონკრეტული თანხა ამ ეტაპზე არ სახელდება.